ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს საქართველოს შესახებ ფაქტები, სტატისტიკა და საინტერესო ინფორმაცია გააცნო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე: Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით. "ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა; ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა; მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ; ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში; ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი;  საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით. ფონდი ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის; საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს ისეთ მეწილებს, როგორიცაა აბუ-დაბის ჯგუფი, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო ჯგუფს (არაბთა გაერთიანებული საემიროები) და სხვა მსხვილ ფონდებს; ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა; კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც სტაბილურს და პოზიტიურს; კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე", -განაცხადა პრემიერმა და აქვე აღნიშნა, რომ სასამართლო სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან.

საინვესტიციო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი ბიზნესლიდერები დაესწრნენ, მათ შორის - კომპანია 32 Advisors-ის ვიცე-პრეზიდენტი მარტინ მოისბურგერი, African Trade and Business Center-ის მმართველი პარტნიორი თი ტომპსონი, Avir Group-ის ხელმძღვანელი რიჩარდ სმიტი, BlueCap Economic Advisors-ის მმართველი დირექტორი გარი მარქსი, Brunswick Group-ის დირექტორი ლიზ დაჰანი, Contract Pharmacal-ის აღმასრულებელი დირექტორი მეტ ვულფი, Deloitte-ის დირექტორი ჩარლზ რუბი, Dreamit Ventures-ის თანადამფუძნებელი პატრიკ ფიცჯერალდი, NBC Universal-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ჩეთემი, Synergics Energy Development-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ვეინ როჯერსი და სხვები.

პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.