"საკონსტიტუციო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე ძვირი მართლმსაჯულების ორგანოა"

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე ძვირი მართლმსაჯულების ორგანოა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯვითი ნაწილი შეისწავლეს. კერძოდ, შესწავლილ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სასამართლოს წევრების (მოსამართლეების) ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით და ამავე პირთა მივლინებების, სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ არსებული ინფორმაცია.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში სწორედ 2007 წლის ივნისიდან საქმიანობს. შესაბამისად, სახელმწიფომ კანონით განსაზღვრა სასამართლო სისტემის სოციალური დაცვის გარანტიები, თუმცა ორგანიზაციის ყურადღებას, შესწავლილ ინფორმაციაში, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების მიღმა, მივლინებების, სახელფასო დანამატები და პრემიების პერიოდულობა და ოდენობა იპყრობს. შესაბამისად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის სახელით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არსებული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, ყველაზე მდიდარ საჯარო უწყებად რჩება, სასამართლოს თავმჯდომარე კი, საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შემდგომ, ქვეყანაში, მეორე თანამდებობის პირია", - განაცხადა "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა ლაშა ციბაძემ.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მონიტორინგის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის იანვარი-ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით 56 925 ათასი ლარი მიიღო, 2014 წელს - 134 820 ლარი, 2013 წელს - 204 675 ლარი, 2012 წელს - 102 850 ლარი, 2011 წელს - 98 025 ლარი, 2010 წელს - 95 700 ლარი, 2009 წელს - 97 015 ლარი, 2008 წელს - 95 610,71 ლარი, ხოლო 2007 წელს - 40 500 ლარი. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯოდმარის სამივლინებო ხარჯებს, 2015 წლის იანვარი-ივნისის თვის მდგომარეობით, მივლინების ხარჯმა შეადგინა 18 249,46 ათასი ლარი, 2014 წელს - 69 607,62, 2013 წელს - 32 50045, 2012 წელს - 47 682,99, 2011 წელს - 44 007,24, 2010 წელს - 35 538,73, 2009 წელს - 50 118,55, 2008 წელს - 52 073,68, ხოლო 2007 წელს - 10 927,72 ათასი ლარი. მთლიანობაში, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, გიორგი პაპუაშვილმა თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით მიიღო 926,120,71 ლარი, ხოლო ამავე პერიოდისთვის მისმა სამივლინებო თანხამ შეადგინა - 360 706,44 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოწოდებულ არ იქნა ინფორმაცია, თუ რომელი მივლინებების დროს დაიხარჯა ასტრონომიული ხარჯები, რაც შემდგომი განმარტებების საგანი უნდა გახდეს.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" შეისწავლეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების და სასამართლოს წევრების თანამდებობრივი სარგოს, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯებიც. ანალიზმა ცხადყო, რომ მაღალია მათი მომსახურების ხარჯებიც. თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილს 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით, საერთო ჯამში მიღებული აქვს 679,620 ათასი ლარი. მისი ამავე პერიოდის სამივლინებო თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 82,824.83 ათასი ლარს. თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს, ზაზა თავაძეს 2010-2015 წლის 1 ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით, საერთო ჯამში მიღებული აქვს 483,013,19 ათასი ლარი. მისი ამავე პერიოდის სამივლინებო თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 18,867,69 ათასი ლარს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების (მდივნის, მოსამართლეების) შრომით ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯებს, "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, მათი ხარჯვითი ნაწილიც საკმაოდ მაღალია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შემოსავლები, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, 50 000 ლარიდან 95 000 ლარამდე მერყეობს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის გამოყოფილი სამივლინებო ხარჯები, ბევრად მცირეა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მომსახურების ღირებულება.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელფასების, პრემია-დანამატებისა და სამივლინებო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხები კოლოსალურია და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება. "გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღესდღეობით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთიან სასამართლო ხელისუფლებაში, საქმეთა სიმრავლისა და საკონსტიტუციო სარჩელთა მიღებისა და განხილვის კუთხით, ყველაზე ნაკლებად დატვირთული უწყებაა და შესაბამისად, გაუგებარია, მისი ხელმძღვანელობისა და წევრებისთვის გაცემული სოლიდური თანხების პროპორციულობის საკითხი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა შეიცვალოს მიდგომა. სასამართლო სისტემის აღნიშნული რგოლი უნდა გახდეს გამჭირვალე და საზოგადოების მხრიდან კონტროლირებადი, რათა ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯების გამოყენება მოხდეს რაციონალურად და ეფუძნებოდეს სამართლიანი განკარგვის პრინციპს. "ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევს, რომ საჭიროა გაძლიერდეს და გაფართოვდეს საზოგადოებრივი მონიტორინგის ინსტრუმენტები, სახელმწიფო ბიუჯეტის სახელმწიფო უწყებებზე გაცემულ სახსრების მიზანშეწონილობის და სახელმწიფო უწყებების ხარისხიანი საქმიანობის მეთვალყურეობის მიზნით", - ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებაში.