საქართველოში შემოსული უცხოური საკვების ქართული ალტერნატივა სუპერმარკეტების დახლებზე

მარილი, შაქარი, ზეთი, მაკარონი, ბურღულეული – ბრინჯი, წიწიბურა, კარაქი – ეს არის საკვები პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურ მოხმარებაში ვიყენებთ და მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური კვების რაციონს შეადგენს, შესაბამისად, ეს სახეობები საქართველოში შემოსულ იმპორტირებულ პროდუქტებში აშკარად ჭარბობს და ისინი მეტწილად შემოდის რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და ა.შ. თუმცა, საბედნიეროდ, ქართველ მომხმარებელს აქვს არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს დასახელებული პროდუქტებიდან შეიძინოს უცხოური, თუ ქართული წარმოების.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ზემოთ დასახელებული ყოველდღიური საკვები პროდუქტებიდან, სუპერმარკეტების დახლზე, რამდენი სახეობაა ქართული პროდუქტი და რამდენია იმპორტირებული.

ჩვენ რამდენიმე სუპერმარკეტს ვესტუმრეთ. აქედან ორი ბევრისთვის ცნობილი და მსხვილი სუპერმარკეტია, ორი კი უბნის პატარა მარკეტი ავარჩიეთ. პასუხი თითქმის ყველგან ერთი და იგივე იყო.

ამ მხრივ ქართულ ზეთს დიდი უპირატესობა აქვს, დახლებზე რამდენიმე დასახელების ქართული ზეთი შეგვხდა, მათ შორის "მზიური", "ბარაქა", "მზიანი", "ივერია"... ფასი 3 ლარიდან იწყება, თუმცა გვერდს უმშვენებს ასევე რამდენიმე დასახელების რუსული და უკრაინული წარმოების ზეთი. იგივე ითქმის ბურღულეულზეც, შეხვდებით უცხოური დასახელების, დაფასოებულ ბრინჯსა და წიწიბურას, თუმცა შეხვდებით ქართულ დასახელებასაც. საბედნიეროდ ფართო არჩევანია რძის ნაწარმზე, გვაქვს საქართველოში დამზადებული რძის ნაწარმი – მაწონი, კარაქი, ხაჭო.

მაკარონი – დახლზე მათი უმეტესობა რუსული, უკრაინული და იტალიური წარმოებისაა, თუმცა არის ქართული სახეობებიც, მათ შორის მარნეულის მაკარონის ქარხნის პროდუქტი "გრანდი". მომხმარებელს არჩევანი აქვს შაქარისა და ფქვილის მხრივაც. დახლებზე იმპორტირებულ შაქარსა და ფქვილთან ერთად ქართულ წარმოებასაც იხილავთ, მათ შორის შაქარს "აგარა" და საქართველოში წარმოებულია ფქვილს - "პროგრესი", "მზიური ველი", "ალაფი"...

AMBEBI.GE მხარს უჭერს ქართულ წარმოებას, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის გაძლიერების ერთ-ერთი "ფრონტის ხაზი" ქართულ ნაწარმზე გადის, ვინაიდან

ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი კი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE