"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა

2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ საქართველომ პოზიცია სამი საფეხურით გაიუმჯობესა და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 4,22 ქულით 66-ე პოზიციაზე მოხვდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილი ინდექსის სტრუქტურა სამი მთავარი ბლოკისგან - ძირითადი მოთხოვნები, ეფექტურობის მასტიმულირებელი ფაქტორები და ინოვაციური ფაქტორები - შედგება. თავის მხრივ, ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: სახელმწიფო ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურას, მაკროეკონომიკურ გარემოს, საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას. ეფექტურობის მასტიმულირებელი ფაქტორები მოიცავს: უმაღლეს განათლებას, საქონლისა და შრომის ბაზრის ეფექტიანობას, ფინანსური ბაზრების განვითარებას, ტექნოლოგიებს და ბაზრის ზომას. ინოვაციური ფაქტორები მოიცავს: ბიზნესის განვითარებასა და ინოვაციებს.

2015-2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ძირითად მოთხოვნებში საქართველო 50-ე პოზიციაზეა (4.83 ქულა), ეფექტურობის მასტიმულირებელ ფაქტორში – 77-ე პოზიციაზე (3.97 ქულა), ხოლო ინოვაციური ფაქტორების მაჩვენებელში საქართველოს 118-ე ადგილი (3.10 ქულა) უჭირავს.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება განაპირობა შემდეგი ფაქტორების გაუმჯობესებამ:

ძირითადი მოთხოვნები – საქართველოს პოზიცია ორი საფეხურით გაუმჯობესდა; ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები – ამ ბლოკშიც საქართველოს პოზიცია ორი საფეხურით გაუმჯობესდა და 79-დან 77-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა;

ინდექსის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ საკითხად მიიჩნევა განათლებული მუშახელის შეუსაბამობა – 15,3 ნიშნული, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა – 13,6; ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მიწოდება – 11,3 და სხვა.

განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი ქვეყნის სტატუსი აქვს.

2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ პირველი ადგილი შვეიცარიას უკავია 5,70 ქულით. პირველ ათეულში ასევე არიან: სინგაპური, აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, იაპონია, ჰონგ-კონგი, ფინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 140 ქვეყანას შორის 82-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - მე-40, რუსეთი - 45-ე, უკრაინა კი 79-ე პოზიციაზეა.