ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიტვას მიღებული აქვს კარგი გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლის გაზიარებაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.

როგორც ლიტვის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს არჩეული ევროინტეგრაციის გზა და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები დასახული მიზნის მისაღწევად. ლიტვის ელჩი ასევე დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით. მინისტრმა მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საკითხებს, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

ელჩი დაინტერესდა საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მუშაობით. ფინანსთა მინისტრმა სტუმარი პირადად მიიწვია ფისკალური სამსახურების საქმიანობის გასაცნობად და ელჩს გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების ერთობლივად დათვალიერება შესთავაზა. თავის მხრივ, ლიტვის ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო დაიწყებს მუშაობას ლიტვის ფინანსთა მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის მოსამზადებლად.