თბილისის მეტროს ვაგონების მოხატვის პროექტი შეჩერდა

„გავაფერადოთ მგზავრობა“ - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ამ ლოზუნგით მეტროს ვაგონების სრული შემადგენლობის მოხატვაზე გამოცხადებული პროექტი დროებით შეჩერდა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში bpn-ს განუცხადეს, თბილისის მეტროს მატარებლის მოხატვასთან დაკავშირებული კონკურსის შედეგად, სასურველი კონკურსანტების შერჩევა ვერ მოხერხდა.

“კონკურსი ჩატარდა და რეალურად მხოლოდ ერთი კანდიდატი შეირჩა. თუმცა სამწუხაროდ, კომპანიასა და აღნიშნულ კონკურსანტს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია”, - აღნიშნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლიკა მხეიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოცხადდება ახალი კონკურსი და შეიცვლება თუ არა კონკურსის პირობები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს ვაგონების ერთი სრული შემადგენლობის მოხატვაზე კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეზენტაციის სახით მსურველებს სკეჩები, თავიანთი იდეები და უკვე არსებული ნამუშევრები უნდა წარედგინათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებდნენ, რომ გამარჯვებული სტრიტ არტისტის ნამუშევარი მეტროს ვაგონებზე განთავსდებოდა. გარდა ამისა, ავტორს ფულადი ჯილდოც გადაეცემოდა.

თამარ კორკოტაშვილი