მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2015-16 წლების მსოფლიო ვაჭრობის პროგნოზი გააუარესა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2015 მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის ზრდის პროგნოზი 3,3%-დან 2,8%-მდე შეამცირა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჩინეთში, ბრაზილიასა და სხვა განვითარებად ბაზრებზე იმპორტზე მოთხოვნის შესუსტება - ამ ქვეყნების სავაჭრო პარტნიორების ექსპორტის მოცულობის შემცირებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება 2016 წლის პროგნოზს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მომავალ წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის ზრდა მოსალოდნელი 4%-ის ნაცვლად, 3,9 %-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში მომავალ წელს მაჩვენებლის ზრდის დაჩქარებას ელოდებიან, ზრდის ტემპები ბოლო 20 წლის საშუალო დონის 5%-ზე ნაკლები იქნება.

„პროგნოზების გადახედვა ასახავს იმ ფაქტორებს, რომლებმაც 2015 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ეკონომიკაზე ზეწოლა მოახდინეს, მათ შორისაა ჩინეთში, ბრაზილიაში და სხვა განვითარებად ბაზრებზე იმპორტზე მოთხოვნის შემცირება, ნავთობსა და სხვა ნედლეულზე ფასების კლება, ასევე სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი რყევა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ექსპერტების მოსაზრებით, წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ეკონომიკისა და ვაჭრობის პერსპექტივებზე ნეგატიური გავლენა, ფინანსური ბაზრების მერყეობამ და მონეტარული პოლიტიკის კუთხით აშშ-ის პოზიციის შეცვლის გაურკვეველმა პერსპექტივებმა მოახდინეს.

ექსპერტები ყველაზე სერიოზულ რისკებად განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის შემდგომ დასუსტებას და ფინანსურ არასტაბილურობას ასახელებენ.

ამასთანავე, წელს ექსპორტი განვითარებული ქვეყნებიდან 3%-ით, მომვალ წელს კი - 3,9%-ით გაიზრდება. მიმდინარე წელს კი განვითარებად ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2,4%-ით, ხოლო მომდევნო წელს 3,8%-ით გაიზრდება.

როგორც მოსალოდნელია, განვითარებულ ქვეყნებში იმპორტის მოცულობა 3,1%-ით გაიზრდება, მომავალ წელს - 3,2%-ით. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, აღნიშნული მაჩვენებელი 2,5%-სა და 5,2%-ს შეადგენს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2015 წლის აზიური ექსპორტის ზრდის პროგნოზი 5%-დან 3,1%-მდე შეამცირა. პროგნოზის არსებითი გაუარესება უკავშირდება ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებას. რაც შეეხება აზიური იმპორტის გაზრდის მაჩენებელს, პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელი 5,1%-ის ნაცვლად ზრდის მაჩვენებელი 2,6%-ს შეადგენს.