”ნიკორა” ”ნუგეშის” ქსელს რეგიონებშიც განავითარებს

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ”ნუგეში” ”ნიკორას” მფლობელობაში გადავიდა. უფრო კონკრეტულად, სააქციო საზოგადოება „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ „ნუგეშის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ნუგეშის“ 60%-იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანი სს „ნიკორას“ აქციონერი გახდა. დანარჩენი 40% კი „ნიკორამ“ შედარებით მცირე წილის მქონე დამფუძნებლებისგან 6 544 500 ლარად გამოისყიდა.

თბილისის მასშტაბით ”ნუგეშის” ქსელი 63 ჯიხურსა და 24 სუპერმარკეტს აერთიანებს. რეგიონებიდან კი ”ნუგეში” მხოლოდ ბათუმში, სამი სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ BPN.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია ”ნუგეშის” ქსელის განვითარებას რეგიონებშიც გეგმავს. მისივე ინფორმაციით, „ნუგეშის“ ქსელისთვის დამახასიათებელი დაბალი ფასები შენარჩუნებული იქნება, დასაქმებული პერსონალი კი მუშაობას ჩვეულებისამებრ განაგრძობს.

დავით ურუშაძე: მიმდინარე საბაზრო პროცესებიდან გამომდინარე, ”ნიკორას” და ”ნუგეშის” დამფუძნებლებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს გაეერთიანებინათ მათი საქმიანობა, რადგან ჩათვალეს, რომ ორ კომპანიაში დაგროვილი გამოცდილება და ძლიერი მხარეები უფრო მეტი სარგებლის მომტანი გახდებოდა, როგორც კომპანიისთვის ასევე მომხმარებლისთვისაც.

- რა გეგმები აქვს ”ნიკორას” რეგიონების მიმართულებით, აპირებთ თუ არა ”ნუგეშის” ქსელის გაფართოებას რაიონების მასშტაბით?

- სამომავლოდ იგეგმება ახალი სავაჭრო წერტილების დამატება საქართველოს იმ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, სადაც წარმოდგენილები არ ვართ. ახალი ობიექტები იქნება როგორც ”ნიკორას”, ასევე ”ნუგეშის” ბრენდის ქვეშ. ვგეგმავთ რიგი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ერთი მხრივ, საქონელს უფრო ხელმისაწვდომს, უფრო მრავალფეროვანს გახდის. ხარისხის სტანდარტი იქნება ერთიანი ყველა ბრენდში, რომლითაც ვოპერირებთ. გარდა ამისა, რეგიონების თვალსაზრისითაც აქტიურ განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენ არ ვართ წარმოდგენილები გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში. ვგეგმავთ ამ მიმართულებით აქტიურ განვითარებას, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩვენს პროდუქციასთან წვდომა ჰქონდეს.

- ”ნუგეშის” ქსელი ცნობილია პროდუქციაზე კონკურენტებისგან შედარებით დაბალი ფასებით, თუ იქნება შენარჩუნებული ეს ნიშა რეგიონებშიც?

- რეგიონებში ”ნუგეში” წარმოდგენილი იქნება ისეთივე დაბალი ფასებით, როგორც თბილისში. ამ კონცეფციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომ იაფი ფასები და ხარისხიანი პროდუქცია მივიტანოთ მოსახლეობამდე, რომლებიც ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობენ.

ნატალია დადიანი