პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტის განხილვა დაასრულა

პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტის განხილვა დაასრულა, რომლის საფუძველზეც საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმირება იგეგმება.

საკანონმდებლო პაკეტი გუშინ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს. საბოლოო კენჭისყრა კი, სავარაუდოდ მომდევნო სესიაზე გაიმართება. "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი პროექტით ახლებურად არის წარმოდგენილი სახელმწიფო და საჯარო სამსახურები. კანონპროექტის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება, რომლის მიხედვით, პროფესიულ საჯარო მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელიც საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე დაინიშნება უვადოდ, თავისი საქმიანობის განხორციელების სანაცვლოდ კი, შესაბამის ანაზღაურებას და სამართლებრივ და სოციალურ გარანტიებს მიიღებს. კანონი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ინსტიტუტის შემოღებასაც გულისხმობს, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის აყვანის უფლებას ანიჭებს.

"საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტით მოხელის კარიერულ მართვასა და მისი დაწინაურების და გადაყვანის წესიც ახლებურად რეგულირდება. ამ მხრივ სიახლეს "მობილობა" წარმოადგენს, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმის შედეგად შემცირებული მოხელე, მისივე თანხმობით შესაძლებელია იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობრივ ეკვივალენტურ თანამდებობაზე იქნას გადაყვანილი. სიახლე მოხელეთა შეფასების ნაწილსაც შეეხო, რაც ყველა რანგის მოხელეებისა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების წელიწადში ერთხელ მაინც შეფასებას გულისხმობს.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.