მეწარმეები ადგილობრივი კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ

"მინდოდა, რაღაც საქმისთვის მომეკიდა ხელი. შრომა არ მეზარება და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, წალკაში 1,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით ავიღე, ნინოწმინდიდან კარტოფილის თესლი წამოვიღე და შრომას შევუდექი", - ასე იწყებს საუბარს თემურ გელაშვილი, რომელიც სოფლის მეურნეობაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

დავინტრესდი, რა გზას გადის ადგილობრივი წარმოება რეალიზაციამდე და ვთხოვე, გარკვეულ საკითხებში თავადაც მიმეღო მონაწილეობა.

მოსავლის აღების დრო დგება და რეალიციაზე ფიქრს ვიწყებთ. პირველ რიგში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ქსელს, "კარფურს" ვსტუმრობთ, სადაც 1 კგ კარტოფილის სარეალიზაციო ფასი 1, 55 თეთრია. ვცდილობთ, გავარკვიოთ დაინტერესდებიან თუ არა ადგილობრივი წარმოების კარტოფილის მიღებითა და რეალიზაციით. ნიმუშიც თან მიგვაქვს, რათა დაინტერესების შემთხვევაში პროდუქცია ვაჩვენოთ. ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი თავაზიანი ღიმილით გვპასუხობს, რომ რამდენიმე დღის წინ მიიღეს საკმარისი რაოდენობის პროდუქცია. გამოდის, რომ დაგვაგვიანდა.

გზადაგზა ინტერნეტში შევდივარ და ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია, სად შეიძლება რეალიზაციისთვის ახალი წერტილების პოვნა, მათ შორის არის სწრაფი კვების ობიექტები, სურსათის დიდი მაღაზიები და ნაცნობ-მეგობრებსაც მივმართავ დახმარებისთვის. ამასობაში კომპანია "დიდგორის" ხელმძღვანელობასთან ვრეკავ, რომელიც ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. აქ კი მეუბნებიან, რომ მხოლოდ მარხვის პერიოდში დასჭირდებათ კარტოფილი. იქამდე კი მთელი ორით თვეა. დროდადრო ჩემი ნაცნობი ინდმეწარმე თავის გასაჭირზე მიყვება: "რამდენიმე ჰექტარზე სიმინდი მოვიყვანე, მაგრამ ისეთი დაბალი ფასი აქვს, მოსავლის აღებაც კი არ მიღირს. არადა ჩემი ნაწვალებია, შრომა და ფინანსები მაქვს ჩადებული და ასე როგორ გავაოხრო. კარტოფილი ისეთი რამეა, ყველას და ყოველთვის რომ სჭირდება, ამიტომ იმედი მაქვს რომ მოწეულის რეალიზაციას შესაბამის ფასში შევძლებ".

ამასობაში "თბილისი ცენტრალის" კვების მომსახურების მენეჯმენტს ვუკავშირდებით, სადაც ასევე თავაზიანად მპასუხობენ, რომ საკმარისი რაოდენობის პროდუქცია უკვე მიიღეს. ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვაზუსტებთ კარტოფილის მისაღებ ფასს - 1 კილოგრამი 40 თეთრი, ყოყმანით მპასუხობს ყურმილში მოსაუბრე. ამ ფასში ადგილობრივი წარმოების კარტოფილის რეალიზაცია არ გვიღირს, რადგან მეურნე ხარჯსაც ვერ ამოიღებს. იმ იმედით, რომ რამე უკეთესი გამოჩნდება, კარტოფილის "ბედის ძიებას" ვაგრძელებთ.

"კარტოფილი, ადგილობრივი წარმოება", -  ვწერ "გუგლის" საძიებო ფანჯარაში და პასუხიც არ აყოვნებს" "თბილისში, ჩიპსის ახალი ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდა. ქართული პროდუქტის საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. ქარხანაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები". ამბავი ახალი საწარმოს შესახებ ასევე გვამცნობს, რომ კომპანია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე იქნება ორიენტირებული. გეზს სასწრაფოდ ლილოს დასახლებისკენ ვიღებთ, სადაც "ჩიპსის ქარხანა" მიმდინარე წლის ივლისში საზეიმო ვითარებაში გახსნილა.

ყველანაირი ყალბი პათეტიკის გარეშე, იმედი მიჩნდება, რომ მცირე ბიზნესისთვის ხელშეწყობის პროგრამა რეალურია. ახლადგახსნილ ჩიპსის ქარხანაში გვეუბნებიან, რომ თავად აქვთ მინდვრები, სადაც კარტოფილი მოჰყავთ.

მახსოვს, როცა ახალქალაქიდან რუსული ბაზა გადიოდა, მაშინდელი მთავრობა, ადგილობრივ მოსახლეობას დაპირდა, რომ იმ ადგილას, ახალქალაქში ჩიპსების უზარმაზარ ქარხანას ააშენებდნენ, სადაც ასობით ადამიანი დასაქმდებოდა და სამცხე-ჯავახეთში მოყვანილი კარტოფილის დიდ ნაწილს ჩაიბარებდნენ.

სულ რომ არ გინდოდეს, ხელისუფლებებებს შორის მაინც არის რაღაც მსგავსება.

ჩიპსების ქარხნის შემდეგ კიდევ რამდენიმე რესტორანსა და სურსათის მაღაზიაში შევიარეთ, საიდანაც ასეთი პასუხით გამოგვიშვეს: ჩვენი მომწოდებელი გვყავსო. თუმცა, ფასით მაინც ინტერესდებიან და იქვე ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, რომ მათ მუდმივ მიმწოდებლებს კარტოფილი მეზობელი ქვეყნებიდან, ბევრად უფრო იაფად, 1 კილოგრამი 30-35 თეთრად შემოაქვთ, რითაც მიმწოდებელიც და რეალიზატორიც კმაყოფილია. მომხარებლის კმაყოფილებას რაც შეეხება, ეს ორივე მხარისთვის მეათეხარისხოვანია. ფაქტია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართულ კარტოფილს იმპორტირებული ჯაბნის.

გეზი "ნავთლუღის ბაზრისკენ" ავიღეთ, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მოვაჭერე 1 კილოგრამის სანაცვლოდ 60 თეთრს გვთავაზობს. არ გვიღირს ამ ფასში, რადგან 7 ათას ლარამდე მხოლოდ მოყვანა დაგვიჯდა, პლუს მოსავლის აღება, ტრანსპორტირება. ძალიან ცოტაა, თვითღირებულების ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს, - ვეუბნებით მოვაჭრეს.

ვიდრე ადგილობრივი წარმოების კარტფოლის შეძენის მსურველებს ვეძებდით, მე და ჩემმა რესპონდენტმა გზად დავიანგარიშეთ ხარჯი, რომელიც კარტოფილის მოსაყვანად დაგვჭირდა. ხარჯები ასე გამოიყურება: 1,300 ჰა მიწის დამუშავებას, 3 ტონა თესლის ჩაყრას (1 კგ-ის სანაცვლოდ ნინოწმინდაში 80 თეთრი აქვს გადახდილი), აზოტის ჩაყოლებას ჯამში 6 400 ლარი დასჭირდა. იმის გამო, რომ წყალი შორს იყო და მისი ბიდონებით მოტანა ძვირი ჯდებოდა, ნაკვეთის მორწყვა მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და მეპატრონემ 250 ლარი გადაიხადა.

კარტოფილის მოსავლის ასაღებად 6-7 მუშახელს დღიურად 25 ლარი სჭირდება, პლუს საკვები; დახარისხება, ტომრები - დაახლოებით 150 ლარი. წალკიდან სარეალიზაციო პუნქტებამდე ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია მიკროატობუსი, ერთი რეისი 300 ლარი ღირს, სულ მცირე 4-5 რეისია საჭირო. მთლიანობაში ხარჯი 8 500 ლარამდე ავიდა. 1 კგ კარტოფილის ჩაბარების საშუალო ფასი კი 80 თეთრს არ სცდება.

და რაც ყველაზე მთავარია, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მოვლილმა სხვადასხვა ობიექტმა და მათგან მიღებულმა პასუხმა ცალსახად დაგვანახა, რომ დამწყები ბიზნესმენი ადგილობრივ მონოპოლიზებულ გარემოში ადგილობრივი წარმოების რეალიზაციისას იმდენად რთულ პრობლემებს აწყდება, პროდუქციის 70-80 თეთრში ჩაბარებაც კი "სარფიანად" მიიჩნევა. ასე რომ, სრულებით არ არის გასაკვირი, რომ ჩემმა რესპონდენტმა სოფლის მეურნეობაზე ფიქრი ხელმეორედ აღარ გარისკოს.

ლალი პაპასკირი