Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

Fitch-ის პროგნოზით, 2015 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2,3%-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. ივლისის პროგნოზთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 0,1 პროცენტით არის შემცირებული.

სააგენტოს პროგნოზით, 2016 და 2017 წლებში გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,7% იქნება.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის განცხადებით, ზრდის მაჩვენებლის შემცირებაზე ძირითადი გავლენა იქონია განვითარებადი ბაზრების ეკონომიკების შემცირებამ - ბრაზილიასა და რუსეთში არსებულმა რეცესიებმა, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის სტრუქტურულმა შემცირებამ.

„განვითარებული ქვეყნების მშპ-ს ზრდა 2016 წელს 2%-ს შეადგენს, რაც ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ. კერძოდ, აშშ-ის ეკონომიკა 2015-2016 წლებში 2,5%-ით გაიზრდება“, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო პროგნოზით, 2015-2017 წლებში ევროზონის მშპ-ის ზრდა 1,6% იქნება.

„2015 წელს 4%-ით შემცირდება რუსეთის მშპ, თუმცა 2016 წელს რუსეთის ეკონომიკას 0,5%-იანი ზრდა ექნება. მომდევნო წლებში შემცირდება ჩინეთის ეკონომიკაც და 2016 წელს 6,3%-ს შეადგენს, 2017-ში კი - 5,5%-ს იმ ფონზე, რომ წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 6,8%-მდე შემცირდება“, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.