ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალბატონი ელის უოლტონია

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა ქონება საერთო ჯამში 290 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალბატონი რითეილ კომპანია Wal-Mart-ის დამაარსებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი - ელის უოლტონია, რომლის ქონებაც 32 მილიარდი დოლარია. ელის უოლტონმა ექვსი წლის შემდეგ პირველად დაიბრუნა რეიტინგში ლიდერობა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში ელის უოლტონი მე-12 პოზიციაზეა.

მილიარდერი ამერიკელი ქალბატონების რეიტინგში მეორე ადგილზე უოლმარტების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი - კრისტი უოლტონია, რომლის ქონებაც 30,2 მილიარდი დოლარია.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ტკბილეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „მარსის“ მფლობელი ჟაკლინ მარსი - 23,4 მილიარდი დოლარი, Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსის მეუღლე ლორინ ჯობსი - 19,1 მილიარდი დოლარი და ენ კოქს ჩამბერსი - 18 მილიარდი დოლარით.

აშშ-ის ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის შვიდმა ქალბატონმა ქონება საკუთარი საქმიანობით დააგროვეს, მათ შორის არიან ტელეწამყვანი და მედიამაგნატი ოპრა უინფრი, რომლის ქონება 3 მილიარდი დოლარია და ელიზაბეთ ჰოლმსი, რომლის ქონებაც 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.