ნოდარ ჯავახიშვილი: როგორც ქართველს გაცილებით სწრაფი ტემპი მინდა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ესეც იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, ძალიან კარგ შედეგად აფასებს.

როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, იმ პირობებში, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში, ეს ძალიან კარგი შედეგია.  "უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ კი არა, მთელ მსოფლიოს რა პირობებში უწევდა მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის შედეგი, რომ დროშად გამოვიკიდოთ, მაგრამ ეს ძალიან კარგი შედეგია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა როგორც ქართველს გაცილებით სწრაფი ტემპი მინდა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ესეც იქნება", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ თუ სხვა არაეკონომიკურ საკითხებზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. "აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - აცხადებენ საქსტატში.