ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" სოლიდარობის კამპანია "ველოდებით ვაკეს" და სამომავლო გეგმები

გადავწყვიტეთ, რომ მეგობრულად გვერდში დავუდგეთ "ვაკეს", რომელიც ახლა ფეხზე წამოდგომას ცდილობს, მნიშვნელოვანია ვაგრძნობინოთ, რომ მათ ელოდებიან – ასეთი შინაარსის ვიდეო რგოლით კომპანია BetterFly ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" მხარდაჭერას უცხადებს. ვიდეორგოლი იმ მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომელიც აღნიშნული კომპანიის ორგანიზებით დაიწყო და უამრავი კომპანია შეუერთდა. კამპანიამ სახელწოდებით "ველოდებით ვაკეს" უკვე მოიცვა Facebook და youtube, ასევე შექმნილია ვებ გვერდი http://www.velodebitvakes.ge/Home/Main, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია "ვაკესთვის" მხარდაჭერის გამოცხადება.

ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" საწარმო 13 ივნისის სტიქიის შედეგად სრულიად განადგურდა. ამჟამად კომპანია გაცილებით პატარა მასშტაბებით, ისნის რაიონში აგრძელებს საქმიანობას. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დროებითია და დაახლოებით წელიწადნახევარში "ვაკე" მინიმუმ ძველ მასშტაბებს დაუბრუნდება. "ვაკეს" ისტორიის, სტიქიის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის მარკეტინგის დირექტორს, რეზი პეტრიაშვილს ვესაუბრეთ:

- ხორცპორდუქტების კომპანია "ვაკე" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კომპანია საქართველოში. ჩვენ ნახევარ საუკუნეზე მეტია - 54 წელია ვარსებობთ. კომპანია დაარსდა 1961 წელს და ბევრ ადამიანს ახსოვს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი "საბავშვო სოსისი" სკოლებსა და ბუფეტებში იყიდებოდა და ყველას ძალიან უყვარდა. ამასთან ერთად, 80-იან წლებში ჩვენ ქარხანაში შეიქმნა ცნობილი სოსისების ბრენდი, რომელსაც დღეს სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ. მათ შორის არის ყველასთვის ცნობილი სოსისი "ივერია". ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და შესაბამისად, სლოგანიც - "ხარისხის ტრადიცია", აქედან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა ვაკეში ვიქნებით თუ სადმე სხვა ადგილზე, ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის ჩვენი ხარისხი და გამოცდილება, რომელსაც წარმოადგენს ის ადამიანები, რომლებიც უამრავი წლებია მუშაობენ და იციან ჩვენი პროდუქტების დამზადების წესი და რეცეპტები.

- 13 ივნისის სტიქიამ კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალა. საწარმო სტიქიის ეპიცენტრში მოხვდა. სტიქიის შედეგად, რა ზარალი მიადგა "ვაკეს"?

- რაც შეეხება 13 ივნისის სტიქიის დროს განვითარებულ მოვლენებს. მივიღეთ ძალიან დიდი ზარალი. კომპანიის აქტივები სრულად განადგურდა. შენობების გარდა, ზარალმა შეადგინა 4 მილიონი ლარი. ტერიტორიას და შენობა-ნაგებობს უკვე არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან მეწყრულ ზონაშია, სადაც არანაირი წარმოება არ შეიძლება. სტიქიის პერიოდში, ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდში სხვადასხვა სტრუქტურიდან, სხვადასხვა კომპანიიდან, დაგვეხმარნენ მოხალისეები და თვითონ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები. ასევე ძალიან დაგვეხმარნენ მაშინდელი ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა. დაგვეხმარა "თიბისი ბანკი", რომ რაც შეიძლება მალე მოგვეძებნა მცირე საწარმო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. საწარმო ლილოს დასახლებაში, ორახელაშვილის #5-ში მდებარეობს. საწარმოში, რომელშიც ახლა ვართ, 30%-ით ნაკლები იწარმოება, ვიდრე ვაკის ქარხანაში. თუ ვაწარმოებდით 150 სახეობის პოროდუქტს, ეს რიცხვი დღესდღეობით 35-მდე დავიდა და ესეც იმის დამსახურებაა, რომ სრული დატვირთვით და გაუჩერებლად ვმუშაობთ.

- სამომავლო გეგმები როგორია? აპირებთ თუ არა გაფართოებას და როდის?

- 1,5 წელში ვგეგმავთ ავაშენოთ ქარხანა და მინიმუმ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, რაც სტიქიამდე იყო. ახალი ქარხანის აშენებასთან ერთად კომპანია ბევრად უფრო გაუმჯობესებული იქნება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სახელმწიფოსთან და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, თუ როგორ მოხდება ეს პროცესები. ახლო სამომავლო გეგმები ასეთია: ვაკის ქარხანასთან ძალიან ახლოს ვაპირებთ საფირმო მაღაზიის გახსნას. ძალიან მალე გამოვუშვებთ პროდუქტს დასახელებით "მოხალისე", რომლისგან მიღებული შემოსავლები მოხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას.

- ქართულ ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს კამპანია "ველოდებით კამპანიას". ეს მუხტი უამრავმა ადამიანმა აიტაცა. ცარიელ დახლებში გაჩნდა ბანერები წარწერით "ველოდებით ვაკეს", ტრიალებს ვიდეო რგოლი, შეიქმნა ვებ გვერდი, დაინტერესება გამოხატა უამრავმა კომპანიამ და მოქალაქემ. როგორ აფასებთ ამ კამპანიას და რას იტყვით ამ თანადგომაზე?

- კამპანია ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად დაიწყო. კამპანიას შემოუერთდა სხვადასხვა სფეროს უამრავი კომპანია: საბანკო სექტორი, სუპერმარკეტების ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები, რესტორნების ქსელი და ა.შ. ყველა სფერომ მიიღო მონაწილეობა. კამპანია წამოიწყო კომპანია Betterfly-მ მხარდასაჭერი კამპანიის ნახვა შესაძლებელია Betterfly-ს Facebook გვერდზე (https://www.facebook.com/betterflyadvertising?fref=ts) ან youtube channel-ზე (https://www.youtube.com/watch?v=C2OKGPCrt0s). ვიდეოს ნახვა ასევე შესაძლებელია ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკეს" Facebook გვერდზე (https://www.facebook.com/vakeproducts?fref=ts). კამპანიის ვებ გვერდის კედელი გვინდა რომ სომბოლურად ახალ შენობის ერთ-ერთი კედლით გავაცოცხლოთ. ადამიანების კომენტარები, მხარდაჭერა, გვინდა გადმოვიტანოთ ამ კედელზე. ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ხალხის მხარდაჭერის და სანამ იარსებებს ჩვენი ქარხანა, ეს კედელიც ამ მადლიერების და მეგობრობის გამომხატველი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თანადგომა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ხალხის თანადგომამ და გვერდში დგომამ ორმაგი ძალა მოგვცა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გულშემატკივრობა ვიგრძენით. ჩვენ მაქსიმუმის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი როგორც მინიმუმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს და ამ ადამიანების ლოიალურობა მაქსიმალურად გავამართლოთ.

(R)