შვედეთში სამუშაო დროის ხანგრძლივობას 6 საათამდე ამცირებენ

შვედური კერძო კომპანიები 6-საათიანი სამუშაო დღის განრიგზე გადადიან.

შვედი დამსაქმებლები დარწმუნებული არიან, რომ დროის ამ მონაკვეთში დასაქმებულები უფრო ეფექტურად იმუშავებენ. გარდა ამისა, უფრო იოლად დააბალანსებენ პირად ცხოვრებასა და კარიერას.

შვედური კომპანია Filimundus-ის ხელმძღვანელის ლინუს ფელდის განცხადებით, 8-საათიანი სამუშაო დღე არც ისე ეფექტურია.

„ჩვენი კომპანია გასულ წელს გადავიდა 6-საათიან სამუშაო დღის განრიგზე. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლებს ვთხოვეთ, რომ ნაკლებად ესარგებლათ სოციალური ქსელებით და მაქსიმალურად გამოეყენებინათ ეს ექვსი საათი სამუშაოსთვის“, - აღნიშნა ლინუს ფელდმა.

6-საათიან სამუშაო დღეზე გადასვლის ექსპერიმენტს ნერგავენ საჯარო სამსახურებიც. ცოტა ხნის წინ მოხუცთა თავშესაფარში მედდებს სამუშაო დრო 8-დან 6 საათამდე შეუმცირეს, თუმცა ანაზღაურება იგივე დაუტოვეს. სახლის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ შედეგად მედდები ნაკლებად დაიღლებიან და მეტი მზრუნველობით მოეპყრობიან პაციენტებს.

8-საათიანი სამუშაო დღე პირველად ჰენრი ფორდმა შემოიღო. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული 25 კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, 33%-ით მაღალია რისკი ინფარქტმა დაარტყას ადამიანს, რომელიც კვირაში 55 საათის განმავლობაში მუშაობს, ვიდრე კვირის განმავლობაში 35-40 საათი მომუშავე ადამიანს.