"საქართველოს ბანკის" დაფინანსებით თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა Innova გაიხსნა

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - Innova გაიხსნა. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია.

"Innova"-ს მთავარი დამფუძნებელია "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო", რომელიც აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის, ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა "საქართველოს ბანკმა", რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

კლინიკა Innova განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი.