ვლადიმერ პაპავა: ლარი მაინც ფეხზე დგას და მყარია, მას აქვს მომავალი

მიუხედავად კატაკლიზმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის 2 ათეული წლისა, ლარი მაინც ფეხზე დგას და მყარია, მას აქვს მომავალი", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე პაპავამ ლარის 20 წლის ისტორია მიმოიხილა და მოხსენება "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხა. "საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს შემოღებიდან 20 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, ეს ისტორიული თარიღია. ის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და დღეს, როდესაც ჩვენ ამ ისტორიულ პერიოდს ვიხსენებთ, ბევრს ინტერესი აქვს საკუთარი თავი წინ წამოწიოს და სურს ისტორიის გადაწერა. ამიტომ, დღევანდელი სამეცნიერო სესია, ეს არის მცირე ისტორია და მეტი ეკონომიკა იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 წლის წინ და როგორ ებრძოდნენ ლარს შემდეგი 20 წელი", - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.