ნიკა გვარამიას განცხადებით, "რუსთავი 2"-მა 6 მლნ დოლარის ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან მოიზიდა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ მოიზიდეს 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ეს ადამიანი არის დავით კეზერაშვილის ნათესავი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  "ბუნებრივია, რომ ყველა ვითარებაში ჩვენ ვიყენებდით, როგორც ყველა ნორმალური და ჯანსაღი ბიზნესი, ბანკს, როგორც დამხმარე ფინანსურ ინსტიტუციას. ამის მეშვეობით ჩვენ ვყიდულობდით ტექნიკას, კრედიტების, ოვერდრაფტების მეშვეობით ვფარავდით ხელფასებს, როდესაც ფინანსური სახსრების მოძრაობა იყო შეფერხებული ჩვენი სეზონურობის გამო. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა პერსონაჟმა, მის მიერ წაქეზებულმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს გზა ჩაგვკეტოდა და ამოგვაგდეს ჯანსაღი კონკურენციიდან, მათ შორის ჩვენს უშუალოდ კონკურენტებთან მიმართებით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის ხელისუფლების თამაში, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, დღეს ხელისუფლებამ ყველა ეს ეჭვი გაფანტა თავისი სამარცხვინო ნაბიჯით. დღეს ხელისუფლებამ შეგვიზღუდა ერთადერთი ალტერნატიული გზა გვქონდეს დაფინანსება, მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვიდგას. ეს ერთადერთი გზა არის ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ მოვიზიდეთ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ვაპირებთ ამ კონტრაქტის გამოქვეყნებას. მოვიზიდეთ ადამიანისგან, რომელიც დიახ, არის დავით კეზერაშვილის ნათესავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ სხვა ინვესტორი", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, არ სჭირდებოდათ არანაირი ინვესტორი, ხელისუფლებას ამ მდგომარეობაში რომ არ ჩაეგდო ტელევიზია. "უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მოვიზიდეთ ის ინვესტორი, რომელიც წამოვიდა ჩვენ პირობებზე, არ ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში და ბე ეყიდა, საკმაოდ მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი და დაბალი ლიკვიდურობის ქონება. ეს არის წილი "რუსთავი2"-ში. "რუსთავი 2"-ის წილის გასხვისება არ შეიძლება, შესაძლებელი იყო მხოლოდ "რუსთავი 2"-ის მფლობელი კომპანიის შპს "საქართველოს" წილების გასხვისება და ეს მოხდა კანონის სრული მოთხოვნების დაცვით. ამის შედეგად "რუსთავი 2" მიიღებდა 6 მილიონიან ინვესტიციას, რომელიც არ იქნებოდა არც მისი ვალი, არც მისი პასუხისმგებლობა. იმ ვითარებაშიც კი, თუ ქიბარ ხალვაში მოიგებდა სასამართლოს, იგი წაიღებდა "რუსთავი2"-ს, ოღონდ კიდევ უფრო მეტი, 6 მილიონი დოლარით გაზრდილი აქტივით", -განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრმა ორი დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია, არადა ვალდებული იყო იმ დღესვე დაემთავრებინა რეგისტრაციის პროცესი. "2 დღის განმავლობაში, როგორც ჩანს ვერ მოხერხდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება. მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში, თუმცა მის გასაგონად ვამბობ, რომ მას ეს პასუხისმგებლობას არ ხსნის. იგი ისევეა ჩარეული ამ ყველაფერში, როგორც ივანიშვილი და აუცილებლად აგებს პასუხს მისი უწყების ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა გვარამიამ.