სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული ცხიმის შემცველი რძე გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულში მდებარე "სმარტიდან" აღებული შპს "ჯორჯიან მილკის" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2,5%-იანი - "მილკო") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ "მილკოს" 2,5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული, რის გამოც "ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა "შატილის", შპს "სამგორი ალკოს", "ვოლგოდონსკოეს" ნაღების კარაქსა და "გლეხურ"კარაქში.