ქუთაისში პარკირება პირველ იანვრამდე უფასო იქნება

ქუთაისში პარკირება პირველ იანვრამდე უფასო იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა. მან ასევე შ.პ.ს ,,პარკინგსერვისის" დირექტორი წარადგინა.

,,ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნდა შპს "პარკინგსერვისი", რომლის მიზანია ქალაქში ავტომობილების პარკირების სისტემის მოწესრიგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გამომდინარე აქედან, ქალაქში არსებულ პარკირების ადგილებზე მოიჯარეებს გაუუქმდათ იჯარის ხელშეკრულებები, რადგან, ყველა იყო ვადაგასული. უახლოეს დღეებში ქალაქში პარკირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში დაიწყება, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაბამისად ამ ხნის განმავლობაში (პირველ იანვრამდე) პარკირება ქალაქის ტერიტორიაზე იქნება უფასო და არავინ არ იქნება ვალდებული გადაიხადოს პარკირების გადასახადი. მომდევნო წლიდან კი პარკირების გადასახადის გადახდა ცივილური ფორმით აბონომენტების შესყიდვით მოხდება", - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საიჯარო ქირა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მიეღო, შპს "პარკინგსერვისის" მიერ 2016 წელს იქნება გადახდილი.