საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება. პროფესიული კავშირების ინფორმაციით,  იუბილესთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო "კონტინენტ კრონ პალასში" პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 4 ოქტომბერს საკონცერტო დარბაზ "არტ-ჰოლში" საზეიმო ღონისძიება ჩატარდება.

"2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი "ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების" (ITF, ET) წევრი ორგანიზაციაა. ამიტომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, კავშირის მოწვევით, საქართველოს ესტუმრებიან, სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. 2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე სიტყვით წარსდგებიან: საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ზურაბ ნასარაია; თურქეთის ტრანსპორტის პროფესიული კავშირის გაერთიანების მმართველი რიზა ალილერი; გენერალური მდივანი – იშაკ კოსაბიკი; მსოფლიოს ტრანსპორტის პროფესიული კავშირის საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი ოსტენ ასლაკსენი; სექციის მდივნის მოადგილე ჯანინა მალინოვსკა; რკინიგზელთა და სატრანსპორტო მშენებელთა პროფესიული კავშირის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი გენადი კოსოლაპოვი.

4 ოქტომბერს კი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, სადაც პროფესიული კავშირის წევრები დაჯილდოვდებიან. 4 ნომინანტს კავშირის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭება; 23 ნომინანტი კი კავშირის სახელობის საპატიო სიგელით დაჯილდოვდება. სიტყვით წარსდგებიან როგორც საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრები", - აცხადებენ პროფესიულ კავშირებში.