მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის სასტუმრო "რუმსში" მრგვალი მაგიდა იმართება

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის სასტუმრო "რუმსში" მრგვალი მაგიდა იმართება. ღონისძიებას ესწრებიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

როგორც მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა, დღეს ის ძირითადი მიგნებები იქნება განხილული, რომლითაც სახელმწიფო კერძო სექტორის განვითარებას უნდა დაეხმაროს. "დღეს ჩვენ განვიხილავთ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის დაფინასებით. ეს არის კერძო სექტორის განვითარების და გაძლიერებისათვის კვლევა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შედეგად შესაძლო შესაძლებლობების გამოვლენასთან დაკავშირებით. 2016 წლიდან ევროკავშირმა ჩვენ გამოგვიყო 44,5 მილიონი ევრო, რომელიც უნდა მოხმარდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აღიშნული მიმართულებით და დღეს ზუსტად ის ძირითადი მიგნებები იქნება განხილული, რომელშიც ჩვენ უნდა დავეხმაროთ კერძო სექტორს, რათა მათ გაცილებით უფრო სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ ამ სივრცეში ინტეგრაცია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.