ქართული თხილის გასაჭირი - ზოგიერთმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

ვინ აკონტროლებს თხილის ბიზნესს?

ქართულ თხილს მძიმე დრო უდგას. გლეხებსა და მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ჯერ კიდევ აგვისტოში, მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობდა. გლეხების ვარაუდი, რომ წელს მცირე მოსავალია და თხილზე ფასი კიდევ მოიმატებდა, არ გამართლდა. ამჟამად, ერთი კილოგრამის ფასი 5, 80-დან 6 ლარამდე მერყეობს. მწარმოებლები თხილზე ფასის დაწევას თურქეთის ფაქტორით ხსნიან.

„თურქეთში წელს თხილი კარგი მოსავალი მოვიდა. 700 ათას ტონაზე მეტი. ამიტომ, თურქი ბიზნესმენები ჩვენს თხილს არ ყიდულობენ. თავისი იაფად აქვთ, თანაც გაცილებით უკეთესი ხარისხის, ვიდრე ჩვენი. ჩვენი თხილი კი წელს უხარისხო და მცირეა“, - ამბობენ მწარმოებლები.

საქართველოში წლეულს თხილის მცირე მოსავალს რომ ელოდნენ, bpn ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. ამიტომ, გლეხები თხილზე ფასის ზრდას ვარაუდობდნენ. აგვისტოში მიმღებ პუნქტებში თხილის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა, რასაც ქარხნები თხილის ხარისხიდან გამომდინარე ხსნიდნენ. თუმცა, ფასის ზრდის მოლოდინი მაინც არსებობდა. შარშან, ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10-11 ლარი იყო. მწარმოებლები ვარაუდობდნენ, რომ წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდეც კი გაზრდილიყო. მაგრამ სექტემბერში სურათი მკვეთრად შეიცვალა - თხილზე ფასი დაეცა, ხოლო მწარმოებლებს პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდათ. ზოგიერთმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

საგულისხმოა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი თხილზე ფასის დაცემას ბაზარზე მონოპოლისტების გამოჩენას უკავშირებს. ეს ვერსია უკვე რამდენიმე თვეა, მუსირებს. თუმცა, კონკრეტულად ვინ დგას თხილის ბიზნესის უკან, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ბაზარზე სხვა მოთამაშეების, მათ შორის, თურქი ბიზნესმენების შემოსვლას ხელს უშლიან. დაბალი ფასით კი, ისინი თავად აპირებენ ბიზნესში ხელის მოთბობას.

bpn თხილის მწარმოებლებს ესაუბრა. მართალია, ზოგიერთმა მეწარმემ ბაზარზე მონოპოლისტების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა, მათი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა კი, ეს ვერსია საერთოდ გამორიცხა და თხილზე ფასის დაცემა მხოლოდ თურქეთის ფაქტორს დაუკავშირა.

თეიმურაზ გოგოხია, შპს „ევრონეთის“ დირექტორი: „ჩვენთან ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6 ლარია, რაც ევროპის ფასებთან შედარებით მაღალია. ვიღაცას თხილის ჩაბარება მაღალ ფასში უნდა, მაგრამ ასეც არ არის. წელს თურქეთი ჩვენგან თხილს არ ყიდულობს. ამიტომ, კონკურენცია დაბალია. ამის მრავალი მიზეზია. ზოგადად, მსოფლიოში თხილის კარგი მოსავალია. იგივე თურქეთში ძალიან დიდი მოსავალი მოვიდა, თხილი იაფად აქვთ და ჩვენთან არ ყიდულობენ. ჩვენთან თურქები მხოლოდ თხილის გულს ყიდულობენ, ერთი კილო თხილის გულის ფასი 17 ლარია. დოლარის კურსიც გაითვალისწინეთ. ამიტომ, ჩვენთან რატომ იყიდიან? ძვირი უჯდებათ, თან მათთან კარგი მოსავალი მოვიდა, ბევრად უკეთესი ხარისხის. რაც შეეხება ბაზარზე მონოპოლისტების არსებობს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თხილს ვეღარ ვყიდით და რომელ მონოპოლიაზე მელაპარაკებით? ქარხნების დიდი ნაწილი გაჩერებულია. ჩვენი ქარხანა მხოლოდ თხილის გულს ჰყიდის, იმასაც ძალიან მცირე რაოდენობით.“

ინდმეწარმე გიორგი ბულია bpn-თან საუბარში აღნიშნავს, რომ თხილის ფასის დაცემა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა: „შარშან თხილზე ფასი იმიტომ ავარდა, რომ თურქეთში მოსავალი ყინვამ გააფუჭა. წელს კი, პირიქით. ძალიან კარგი მოსავალი აიღეს. ამიტომ, ჩვენს თხილზე მოთხოვნა შემცირდა. თურქეთი პირველი გამტანია ევროპაში. ამიტომაც გაგვიჭირდა. თურქეთი ჩვენსა და ევროპას შორის შუამავალი იყო. თურქეთს ქართული თხილი თავისი სახელით გაჰქონდა. ჩვენს თხილს კი, ევროპა არ ენდობა. გერმანია, საფრანგეთი, იტალია ჩვენს თხილს ტკბილეულისთვის იყენებდა. ჩვენთან იტალიელებს თხილის ბაღები აქვთ. ისინი თავად აწარმოებენ და ამუშავებენ თხილს და პირდაპირ ექსპორტზე გააქვთ. ჩვენი აღარ სჭირდებათ. შარშან კარგი წელი გვქონდა, გაუტეხავი თხილის ფასი 12 ლარამდე გაიზარდა. წელს კი 6 ლარია. ვფიქრობ, თხილის ფასი საახალწლოდ ოდნავ მოიმატებს.“

bpn-თან საუბარში თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე მოწერელია თხილის ბიზნესში მონოპოლისტების გამოჩენას არარეალურს უწოდებს და ფასის დაცემას თურქეთისა და უხარისხო მოსავლის ფაქტორით ხსნის.

„შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავალი გაცილებით მეტია. თუმცა, საქართველოში მოსავალი ბევრი იქნება თუ არა, ეს გადამწყვეტი არ არის. თურქეთში ორჯერ მეტი მოსავალი მოვიდა. მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურას და ფასს სწორედ თურქეთი განსაზღვრავს. შარშან თურქეთში 430 ათასი ტონა მოვიდა, წელს 730 ათასი ტონა. საკმაოდ დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა. ამაში საქართველოც ჩართულია და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. რაც შეეხება იმას, რომ აგვისტოში შედარებით მაღალი ფასი იყო, ეს იმიტომ, რომ თხილი ახალი შემოსული იყო და შესაბამისად მცირე რაოდენობა იყო. ვისაც სჭირდებოდა, მას თურქეთში ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, რადგან თურქეთი თხილის მიწოდებას სექტემბერში იწყებდა. ამიტომ, ყველა საქართველოს მოაწვა და თხილის სიმცირიდან გამომდინარე, ფასმა აიწია. თურქეთის თხილი გამოჩნდა თუ არა, ფასი მკვეთრად დაეცა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე თურქებს ქართული თხილის მიმართ ინტერესი არ აქვთ, რადგან თავად უფრო იაფად აქვთ. ამიტომ, არ აქტიურობენ.

- რა ბედი ელის ქართულ თხილს?

- ფაქტია, რომ გაყიდვა ჭირს. მიუხედავად ამისა, ექსპოტი მაინც ხორციელდება. წელს დაახლოებით 4 000 ტონამდე თხილი ექსპორტზე გავიდა. ძირითადად ევროკავშირისა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში გადის. ფასის აწევას არ ველოდები, ამის წინაპირობა არ არის. რაც შეეხება ფასის დაწევას, ეს მოსალოდნელია. ჩვენი მონაცემებით, წელს თხილის მოსავალი 60 ათასი ტონაა. ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

რაც შეეხება მონოპოლისტების ფაქტორს, ამ ინფორმაციას ალექსანდრე მოწერელია არ ადასტურებს: „არ ვიცი, ეს ინფორმაცია რატომ ვრცელდება. იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. ამ საქმეში ოდნავ ჩახედულმაც იცის, რომ ეს წარმოუდგენელია. თხილის ბიზნესში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული. ამიტომ, მონოპოლისტი როგორ უნდა გამოჩნდეს და აკონტროლოს, წარმოუდგენელია. მე ვიტყოდი, რომ თხილის ბიზნესში ისეთი ადამიანები არიან ჩართულები, ვინც ეს საქმე არ იცის, ეს ქაოსიც მათგან გამომდინარეა. შარშან მაღალი ფასები, რომ იყო, ბევრმა გადაწყვიტა, წელს თხილს თუ იყიდდა, ფასი მოიმატებდა. აგვისტოში თხილს მომწიფება არ აცადეს, შეესივნენ და 7 ლარად იყიდეს, ახლა უდევთ, ვერ ყიდიან. 6 ლარად არ ჰყიდიან, რადგან ზარალს ნახავენ. ალბათ, ამ სეზონზე ძალიან ბევრი დიდ ფინანსურ ზარალს ნახავს. როგორ შეიძლება მონოპოლიაზე ვისაუბროთ, როცა ამ ბინზესში მთელი მოსახლეობაა ჩართული?!“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

სალომე გოგოხია