მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის ქართული უნივერსიტეტები ვერ მოხვდნენ

ბრიტანულმა გამოცემა Times Higher Education-მა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 2015-20016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

მიმდინარე სასწავლო სეზონის საუკეთესო უნივერსიტეტი ზედიზედ მეხუთედ კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რეტინგის 800 უნივერსიტეტს შორის თითქმის მეხუთედს (147) ამერიკული უნივერსიტეტები შეადგენენ, წელს მაინც შეინიშნება მათი პოზიციების შესუსტება.

მაგალითად, წლევანდელ ტოპ-200-ში ამერიკის 63 უნივერსიტეტი მოხვდა, გასულ წელს მათი რაოდენობა - 74, 2013-ში კი 77 იყო. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულში 6 ამერიკული უნივერსიტეტია, მათ შორის სტენფორდი მესამე ადგილზე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - მეხუთე, ჰარვარდი - მეექვსე (რეიტინგის 12-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ტოპ ხუთეულს მიღმა), პრინსტონი - მეშვიდე, ჩიკაგოს უნივერსიტეტი კი მეათე პოზიციაზე აღმოჩნდა.

პირველ ათეულშია სამი ბრიტანული უნივერსიტეტი - ოქსფორდი (მეორე), კემბრიჯი (მეოთხე) და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი (მერვე). ათეულში მეცხრე პოზიცია ერგო ETH Zurich – შვეიცარიის ფედერაციის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს.

ქვეყნების მიხედვით ამერიკის შემდეგ ყველაზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი ამ რეიტნგში დიდ ბრიტანეთს ჰყავს - სულ 78, აქედან კი 34 - პირველ მეოთხედში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს, რეიტინგში იტალიის 34 უნივერსიტეტი მოხვდა, საფრანგეთი - 27, ესპანეთი - 25, გერმანია - 20. საერთო ჯამში, ევროპა რეიტინგში 345 სასწავლებლით არის წარმოდგენილი. მკვლევარების განცხადებით, ევროპული უნივერსიტეტები სულ უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან და მათი სიმრავლე ამ რეიტინგში სწორედ ამით აიხსნება.

აზიის უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზეა სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც რეიტინგში 26-ე ადგილზეა. მას მოსდევს პეკინისა და ტოკიოს უნივერსიტეტები - 42-ე და 43-ე ადგილებზე. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში სიუხვით გამოირჩევიან ჩინეთი - 37 სასწავლებით და იაპონია - 41 სასწავლებლით ტოპ 800-ში.

რაც შეეხება რუსეთს, მისი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი - ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 161-ე პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით, ლომონოსოვის უნივერსიტეტი 35 საფეხურით არის დაწინაურებული. საერთო ჯამში კი Times Higher Education-ის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგში რუსეთი 13 უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი.

სამწუხაროდ, მსოფლიოს წამყვან 800 უმაღლეს სასწავლებელს შორის ვერც ერთი ქართული უნივერსიტეტი ვერ მოხვდა მაშინ, როდესაც წელს ამ რეიტინგში დებიუტი აქვს ინდონეზიის, ბანგლადეშისა და კენიის უნივერსიტეტებს. ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თითო ან ორი უნივერსიტეტით წარმოდგენილი არიან უკრაინა, ბელორუსი და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა. მეზობელი თურქეთი კი 11 უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი.

კოკა კვირკველია