"თუ ინვესტიცია იმის მიხედვით განვასხვავეთ - რუსულია თუ ფრანგული, ჩვენი ქვეყნის განვითარება რთული იქნება"

ეს არის კომპანია, რომლის მომსახურებითაც მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს. გადაცემა ბიზნეს PRESS-მა ამჯერად კომპანია ”ბილაინის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ტყეშელაშვილს უმასპინძლა.

როგორია კონკურენცია ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე და როგორია ომები მობილურ ოპერატორებს შორის, ამის შესახებ გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

- ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ბაზარზე ”ბილაინის” ბრენდი ოპერირებს, მაგრამ მის ზურგს უკან კომპანია ”მობიტელი” დგას. აბონენტების უმეტესობა ამ ბრენდს, როგორც ”ბილიანს”, ისე იცნობს. ბაზრით დაინტერესება ”მობიტელისგან” 2006 წელს წამოვიდა. რა იყო ინტერესის მთავარი საფუძველი?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ”შპს მობიტელი” ისეთივე შემთხვევაა, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც ”ბილაინი” არსებობს და ყველა შპს-ს სხვადასხვა სახელი ჰქვია. შპს-ს დასახელებას არ აქვს მნიშვნელობა და ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ”ბილაინი”. ზოგადად, ”ბილაინი” შედის ე.წ. კომპანიათა ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ”ვიმპელკომი”. ეს არის მსოფლიო მასშტაბის ოპერატორი, რომელიც დღეს 12 ქვეყანაში მოღვაწეობს - დასავლეთ ევროპიდან დაწყებული, შორეული აღმოსავლეთით დამთავრებული. ერთ-ერთი პირველი კომპანიაა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა. კომპანიის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. საქართველოთი დაინტერესება ცოტა უფრო ადრე მოხდა - 2006 წელს კომპანიამ დაიწყო საბაზო სადგურებისა და მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

-გავიხსენოთ, ეს რა პერიოდია. ამ დროისთვის ბაზარზე დუოპოლიაა. და ბაზარს ორი ოპერატორი - ”ჯეოსელი” და ”მაგთი” იყოფს. რატომ გარისკა ”ვიმპელკომმა” შემოსულიყო ბაზრაზე, სადაც რეალურად წილები უკვე გადანაწილებული იყო?

- ნამდვილად ასე იყო. მანამდე თითქმის 2-წლიანი დუოპოლია გვქონდა. შესაბამისად, იყო გამოწვევა, რომ გამოჩენილიყო მესამე ოპერატორი, რომელსაც ნულიდან უნდა დაეწყო ოპერირება და ბაზრის წილი აგრესიულად მიეღო. აქციონერებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს ბაზარი საინტერესო იყო - ქვეყნის განვითარების დინამიკა აჩვენებდა, რომ საინტერესოდ ვითარდებოდა ქვეყანა, ბიზნესი. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შემოსულიყვნენ და დაეწყოთ ოპერირება საქართველოს ბაზარზე.

- ბაზარზე ”ბილაინის” შემოსვლამდე საკმაოდ მაღალი ტარიფები იყო მობილური მომსახურებისთვის. კომპანია ”ბილაინის” მთავარი მესიჯი რა იყო, რა იყო კონკურენციის მთავარი მარცვალი - ის შემოდიოდა დაბალი ფასებით და გაუწევდა კონკურენციას უკვე არსებულ კომპანიებს?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. თქვენ ახსენეთ ტარიფი, ეს ცნება, ზოგადად ”ბილაინმა” დანერგა საქართველოში. რა თქმა უნდა, მაღალი ტარიფები იყო. 28,8 თეთრი ღირდა ერთი წუთი სასაუბრო დრო, რაც არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს, ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობით.

- ანუ, კომპანიები ზემოგებებზე მუშაობდნენ?

- არ ვიცი, სხვის ფინანსურ ანგარიშგეგმაში მე ვერ ჩავერევი. დიდ პატივს ვცემ კონკურენტებს და მათ ანგარიშგებას კომენტირებას ვერ გავუკეთებ. თუმცა მიმაჩნია, რომ 28,8 თეთრი ერთი წუთი სასაუბრო დროის სანაცვლოდ მაღალი ტარიფია. ჩვენი გათვლა იყო შემდეგი: ტარიფი უნდა ყოფილიყო საბაზრო ფასთან, რეალობასთან და ლოგიკასთან მიახლოებული. ბაზარს შევთავაზეთ საინტერესო, მოქნილი ტარიფები. მანამდე კონკურენცია არ ხდებოდა მარკეტინგული თვალსაზრისით. კონკურენცია ხდებოდა დაფარვის ზონით. 10 წლის განმავლობაში იყო ერთი და იგივე ფასი. შესაბამისად საბაზრო ფასით მომხმარებლის, აბონენტის დაინტერესება არ ხდებოდა. დუოპოლია იმას ნიშნავს, რომ ორი კომპანია კომფორტულად გრძნობს თავს ბაზარზე. ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა.

- 2006 წელი. გავიხსენოთ წინა ხელისუფლების პერიოდი. მაშინ თითქმის ყველა ბიზნესი ასოცირდებოდა ხელისუფლებასთან. სურათი რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ - არსებობდა ასეთი წარმოდგენა: თუ ხელისუფლებაში ლობი არ გყავდა, საქართველოში დიდ ბიზნესს ვერ დაიწყებდი. ამ მოსაზრებას მობილური კავშვირგაბმულობის სფეროში კიდევ უფრო ამყარებდა ის ვითარება, თუ როგორ მოიპოვეს ბაზარზე უპირატესი მდგომარეობა ”ჯეოსელმა” და ”მაგთიმ” და ვინ იდგა მათ უკან. ნუთუ ასე მშვიდად გაგიღეს კარი საქართველოს ბაზარზე და კომპანია ”ბილაინი” შემოუშვეს?

- მოდით ეს შეკითხვა ასე გავყოთ. პირველ რიგში, ჩვენმა კონკურენტებმა ლიცენზიები და მუშაობის პირობები მოიპოვეს 90-იან წლებში. ცოტა სხვა ეპოქა იყო და სხვა რეალიები არსებობდა ამ ქვეყანაში. 2000-იან წლებში სიტუაცია ცოტა გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით. კონკურენტები ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებენ ახალი მოთამაშის გამოჩენას, მაგრამ მათ სურვილზე უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხედვა. სახელმწიფოსთვის საინტერესოა ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისად, იგივე ლიცენზიის გაყიდვა, რომ მომხმარებელი უფრო კმაყოფილი დარჩეს. ამიტომ სახელმწიფოსთვის საინტერესო იყო მესამე ოპერატორის გამოჩენა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ძირითადად, ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ორი ძირითადი მოთამაშე იყო. ხელისუფლება თვითონ იყო დაინტერესებული, რომ მესამე ოპერატორის გამოჩენისთვის ვითარება შეექმნა.

- მართალია შეზღუდვები არ ყოფილა, თუმცა, აგორდა საინფორმაციო კამპანია, რომ ”ბილაინის” უკან რუსული კაპიტალია. რამდენად უსაფრთხო იყო ამ სეგმენტში რუსული ფულის შემოდინება?

- თუ ინვესტიციებს იმის მიხედვით განვავსხვავებთ - რუსულია, ფრანგული თუ ასე შემდეგ, მაშინ ჩვენი ქვეყნის განვითარება უფრო რთული იქნება. მოდით ვთქვათ, რა არის ინვესტიციის ამოცანა ჩვენი მხრიდან - მივიღოთ ეს ინვესტიცია, გავაკეთოთ ისეთი სერვისი, როგორიც ჩვენი მომხმარებლისთვის იქნება საინტერესო. აქციონერებისთვის საინტრესესოა, რომ შედეგად მიიღონ უკუგება ამ ინვესტირებაზე. მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ვიცი, საქართველოში ძალიან ბევრია სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტიციები მოზიდული, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ფლობენ სხვადასხვა ბიზნესებს საქართველოში და ნორმალურად მუშაობს. მე გეუბნებით, რომ ეს არის ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გასული ჯგუფი, რომლის აქციონერებში არიან რუსები, ნორვეგიელები, ამერიკელები. ბიზნესი ასე მუშაობს მთელ მსოფლიოში. ეს არის გახსნილ ბაზარზე მომუშავე ძლიერი ორგანიზაცია. სხვათა შორის, ”ვიმპელკომი” არის მსოფლიოში ნომერ მე-7 ოპერატორი სააბონენტო ბაზრის მიხედვით. დაახლოებით, 220 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ეს არის გლობალური, ძალიან დიდი და ძლიერი ჯგუფი.

- პირველ ეტაპზე რამდენი აბონენტი შეიძინეთ?

- ჯერ ერთი იყო და ახლა უკვე მილიონ სამასი ათასია. მილიონ სამას სამოცდა ექვსი ათასი.

- თქვენ თქვით, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელის შეშლა არ ყოფილა. კონკურენტები თუ გიშლიდნენ ხელს სხვადასხვა ხერხით, რომ თავი არ დაგემკვიდრებინათ ბაზარზე?

- ვერ გავიხსენებ ამას. ზოგადად, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები ვცდილობთ, კორექტულები ვიყოთ ერთმანეთთან და კონკურენტს პატივი ვცეთ. შეიძლება წინააღმდეგობის გაწევის სურვილი იყო, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ მახსენდება.

- რაში გამოიხატება ეს კორექტულობა? სარეკლამო კამპანიების აგრესიულობით თუ ვიმსჯელებთ, ეს კორექტულობა ნაკლებად ჩანს ხოლმე.

- რეკლამის თვალსაზრისით, გეთანხმებით. აქ იყო აგრესია რამდენჯერმე. გვიკბინეს, მერე ჩვენც ვუკბინეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს არ არის სწორი. რამდენჯერაც არაკორექტულად მომექცევი, იმდენჯერ მე მოგექცევი არაკორექტულად. ამისი რესურსიც მაქვს, საშუალებაც, უნარიც და ცოდნაც. ამ სიბრტყეში ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით და ნუ გადავიტანთ ამ სიბრტყეში ჩვენს კონკურენციას. თორემ ყველა დავზარალდებით. მგონი ეს გაკვეთილი ავითვისეთ. ჩვენ სამივეს გვაწევს ეს ცოდვა.

- თქვენი პირველი უპირატესობა, რითაც შემოხვედით ბაზარზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციები დაიმკვიდრეთ, როგორც თქვენ თქვით, ეს იყო ფასი. თუმცა შემდეგ, ალბათ, სხვა აქცენტები გააკეთეთ. ფასის გარდა, რა იყო ის, რამაც დღემდე მოგიყვანათ?

- ეს იყო დისტრიბუციის სისტემა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიყოთ ხელმისაწვდომი ყველა სოფელში, ჩვენი სიმ-ბარათი უნდა იყიდებოდეს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. შევქმენით ძალიან საინტერესო, უპრეცენდენტო სადისტრიბუციო სისტემა. ამით გამოვირჩეოდით ჩვენი კონკურენტებისგან. გარდა ამისა, უნდა გვქონოდა ყოველთვის ფართო სატარიფო ხაზი, სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებული და მორგებული, რომ ყველა სეგმენტი მოგვეცვა. უნდა გვქონოდა ინოვაციური წინადადებები. ეს იყო ძირითადი აქცენტი.

- თქვენთან სტუმრობამდე, რედაქციაში მცირე ბრეინსტორმინგი ჩავატარე - ვის რა შეკითხვები ჰქონდა ”ბილაინთან”. დღესაც კი ადამიანებმა გამოთქვეს საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგჯერ არის ხარვეზები დაფარვის ზონასთან დაკავშირებით. რატომ ვერ ხერხდება დღემდე ამ პრობლემის აღმოფხვრა?

- როდესაც დავიწყეთ ოპერირება, ძალიან ცოტა საბაზო სადგური გვქონდა. ჩვენ 10 წლით გვიან დავიწყეთ ოპერირება, ვიდრე ჩვენმა კონკურენტებმა. 10-წლიანი გეპის განეიტრალებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. დღეს ჩვენ დავეწიეთ მათ დაფარვის ზონებში, თუმცა შესაძლოა ზოგ, ძალიან მოშორებულ ადგილას ცოტა ჩამოვრჩებით. მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ადამიანს ახასიათებს შთაბეჭდილების დამახსოვრება. ერთხელ რომ რაღაც შთაბეჭდილება დარჩება, იმ შთაბეჭდილების ამოშლა რთულია. შეიძლება თქვენი კოლეგების ნათქვამიც ამის გამოძახილია. მერწმუნეთ, ჩვენ რომ რაოდენობრივად ინვესტირებას ვახორციელებთ ამ ქვეყანაში, იშვიათად თუ რომელიმე კომპანია აკეთებს ამას. წელსაც საკმაოდ ვაძლიერებთ დაფარვის ზონას და ბევრ საბაზო სადგურს ვამატებთ.

- მინდა გკითხოთ ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციასთან დაკავშირებით: ”თელიასონერამ” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც თანდათანობით გავა ევრაზიის კონტინენტიდან. ბუნებრივია, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ის ოპერირებას შეწყვეტს, მოხვდა საქართველოც. როგორც ვიცით, ”თელიასონერა” ”ჯეოსელის” მფლობელი კომპანიაა. როგორ შეიძლება, ზოგადად, ეს ადგილობრივ ბაზარზე აისახოს? შესაძლებელია, ბაზარზე მხოლოდ ორი აბონენტი - თქვენ და ”მაგთიკომი” დარჩეთ. თუ ”ჯეოსელი” შეეცდება იპოვოს ახალი ინვესტორი?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია. ზედმიწევნით შევისწავლეთ, გავაანალიზეთ. ეს არის ”თელიასონერას” სტრატეგიული ხედვა და გადაწყვეტილება. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ დატოვონ ევრაზიის კონტინენტი და აქცენტი გააკეთონ დასავლეთ ევროპის კომპანიებზე, რომლებიც მათ პორტფელში შედის. პრაქტიკული მნიშვნელობით, გამიჭირდება ვთქვა, როგორ მოხდება ნელ-ნელა გასვლა. იპოვიან სტრატეგიულ ინვესტორს, რომელსაც მიყიდიან ამ კომპანიას თუ საერთოდ გავლენ. ალბათ, გაყიდიან კომპანიას. ყოველ შემთხვევაში, ბაზარზე რაღაც ეფექტი ექნება. ჩავთვალოთ, რომ ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება, ტექტონური ძვრა და ამას თავისი შედეგი ექნება.

- ზოგადად, საქართველოს ბაზრის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, დღეს არსებული სამი ოპერატორი საკმარისია ამ ბაზრისთვის თუ ფიქრობთ, რომ მაინც აქვს ვინმე დაინტერესებულ პირს შანსი, შემოვიდეს და საკუთარი ნიშა იპოვოს?

- შეღწევადობა არის 120%-ზე მეტი. საქართველოში ზოგს აქვს უკვე ორი და სამი სიმ-ბარათი. დაინტერესება, რომ ახალი მოთამაშე გამოჩნდეს, აღარ არსებობს. პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ ვიღაცას ბაზრიდან გასვლა მოუნდა. მეოთხეს გამოჩენას არ ველოდებით. ჩვენი ამოცანაა არსებულ ბაზარზე, არსებულ სიტუაციაში ჯანსაღი კონკურენცია და ამ კომპანიების განვითარება მოხდეს.

- თქვენს კომპანიას ბექგრაუნდად ჰქონდა საკმაოდ კარგი კაპიტალი, ჰქონდა გამოცდილება და სურვილი, შემოსულიყო და განვითარებულიყო საქართველოს ბაზარზე. მაგრამ არსებობდა მთელი რიგი პრობლემებისა. თქვენ ლიცენზიებიც კი ახსენეთ. რატომ შეგექმნათ ეს პრობლემები?

- მობილურ ოპერატორს თავისი განვითარებისთვის სჭირდება, ჰქონდეს სიხშირული სპექტრი. სიხშირული რესურსი, რომელიც მას საშუალებას მისცემს მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს. ჩვენი შემოსვლის მომენტში ძალიან ცოტა თავისუფალი სიხშირე იყო დარჩენილი.

- რატომ?

- ყველა სიხშირე მანამდე გაყიდა სახელმწიფომ აუქციონზე და ძირითადად ჰქონდა ჩვენს კონკურენტებს, ორ კომპანიას, ზოგი კი კომპანიებს, რომლებიც არ სარგებლობენ ამ სიხშირეებით. რეალურად, თავისუფალი სიხშირე იყო ცოტა.

- ჰქონდა სახელმწიფოს ამის უფლება, რომ ყველა სიხშირე გაეყიდა და თვითონ დარჩენილიყო ფაქტობრივად, უფუნქციო ამ სფეროში?

- არ ვიცი, ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. ალბათ ჰქონდა. მე კვალიფიკაციას ვერ მივცემ. ფაქტი ასეთი იყო, რომ საკმარისი სიხშირეები არ არსებობდა, რომ უფრო ხარისხიანი სერვისი მიგვეწოდებინა. ეს აისახებოდა იმაზე, რომ ჩვენი გამოჩენის მომენტში, როდესაც ქსელის მშენებლობა და ოპერირება დავიწყეთ, მესამე თაობისთვის საჭირო სიხშირეების ნაკლებობა იყო, ფაქტობრივად არ არსებობდა და ვერ შევძელით მესამე თაობის ქსელის მიწოდება. ჩვენ რომ ეს შეგვძლებოდა, მომხმარებელი კიდევ უფრო დიდ მოგებაში დარჩებოდა. ერთადერთი საშუალება იყო, მიგვეტოვებინა მესამე თაობის ტექნოლოგია და დავლოდებოდით, როდის გამოჩნდებოდა მე-4 თაობის ტექნოლოგია. როგორც იქნა, წელს შევიძინეთ ეს.

- და იყავით პირველები, ვინც დატესტა მე-4 თაობის ინტერნეტი.

- დიახ. ტესტები გვქონდა დაახლოებით 2-3 წლის წინ. ჩვენი სტრატეგიული ხედვაც ეს იყო, დისკრიმინაციულ პირობებში ვიმყოფებოდით და მთელი ყურადღება მომავლის ტექნოლოგიაზე გადავიტანეთ, მე-4 თაობაზე, რომელიც სამი ოპერატორიდან მხოლოდ ორმა დანერგა საქართველოში, ჩვენ და ერთ-ერთმა.

- დღეს როგორ განისაზღვრება კომპანია ”ბილაინში” სატარიფო პოლიტიკა? რაზეა დამოკიდებული ტარიფის ღირებულება?

- მომავალზე მინდა ვისაუბრო. როგორც იქნა, მოვიპოვეთ მე-4 თაობის სიხშირე, გავუშვით ქსელი, მას ვაფართოვებთ, მოცული გვაქვს ძირითადად, ადამიანების განლაგების ადგილები, ვაგრძელებთ გაფართოებას, ლიცენზიაში გვიდევს პირობა, რომ უნდა დავფაროთ ყველა სოფელი, სადაც ცხოვრობს 5 000-ზე ნაკლები ადამიანი, მთელი საქართველო წლების მიხედვით გვაქვს გაწერილი. ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს 2020 წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სერვისი, სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა პატარა დასახლებულ პუნქტში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ საუკეთესო ოპერატორი ინტერნეტის მიწოდების თვალსაზრისით. ეს ასეც იქნება. იმ ტემპებით, რა ტემპებითაც ჩვენ ვავითარებთ ქსელს და იმ გეგმებით, რა გეგმებიც ჩვენ გვაქვს, ეს ზუსტად ასე იქნება.

- თქვენ მგონი მიზნად გაქვთ დასახული, მეორე ოპერატორიც განდევნოთ ბაზრიდან...

- არ ვიცი. სხვის საქმიანობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვიცი, ჩვენ რას გავაკეთებთ. ეს არამარტო კომპანიის და აქციონერის ინტერესია, მიმაჩნია, რომ საზოგადოების ინტერესიცაა. ჩემი, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქის ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოშორებულ ტერიტორიებს ინტერნეტი, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს. აგრეთვე, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე. ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ მომხმარებლის ურთიერთობა ჩვენთან გამარტივებული იყოს. უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდით ჩვენთან ურთიერთობა, მობილური აპლიკაციის საშუალებით, თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ოფისში მოსვლით ან ქოლ ცენტრში დარეკვითაც. თუმცა იმდენად სწრაფად იცვლება ეს ყველაფერი, რომ ურთიერთობა, სერვისები, მომსახურება ხორციელდება ინტერნეტარხების საშუალებით. ამიტომ ჩვენი სატარიფო პოლიტიკა დღეს განსაზღვრულია იმის მიხედვით, რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს და სტიმული მივცეთ ადამიანებს, მოიხმარონ ინტერნეტი.

- შეუძლია დღეს ოპერატორს - თქვენ ან თქვენს კონკურენტს - საკუთარ მომხმარებელს ექსკლუზიური სერვისი შესთავაზოს?

- მთელ მსოფლიოში მობილური ოპერატორები ასეთ კონკურენტულ გარემოში ვიმყოფებით, ინოვაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ბიძგი უფრო მეტი განვითარებისთვის და უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვისთვის.

- როგორია კონკურენტული ომები მობილურ ოპერატორებს შორის? ეს ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე პოლიტიკური ბრძოლები.

- მოდით ასე ვთქვათ: ჩვენ ზედმიწევნით ვსწავლობთ ერთმანეთის საქმინობას. უნდა იცოდე შენი კონკურენტის შესაძლებლობები, მისი გეგმები და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წააგებ ბრძოლას. გაჟონვების შესაძლებლობა ყოველთვის არის, თუმცა როდესაც აკეთებ ბიზნესს, არ უნდა გქონდეს გათვლა კონკურენტის სტრატეგიაზე. პირიქით, პირველი გათვლა უნდა გქონდეს შენს სტრატეგიაზე. შენ ისეთი სტრატეგია უნდა გქონდეს, რომ კონკურენტები ცდილობდნენ ყოველთვის, შენგან იმფორმაციის გამოწოვას და არა - პირიქით. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ გზამკვლევი და სხვები ამყოლები.

- რა არის მთავარი ამ ბიზნესში. ბევრი სტუმარი მყავდა. ზოგი ამბობს, რომ ეს არის იღბალი, ზოგი ამბობს, რომ ეს არის ინტუიცია, ახლა რასაც ვისმენ თქვენგან, ვფიქრობ, რომ ამ სეგმენტში არც იღბალი გამოგადგება, არც ინტუიცია... რა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ სექტორში?

- ბევრი ფაქტორია. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ კონკრეტულ ფაქტორზეა დამოკიდებული. უბრალოდ, უნდა გინდოდეს, მეტი ინოვაცია შესთავაზო ბაზარს, იყო მომხიბვლელი მომხმარებლისთვის, რომ ისინი მოიზიდო. ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. და უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. იმდენად საინტერესო საქმე მაქვს, იმდენად ექშენი არის, იმდენად ბევრი რამ ხდება ონლაინ, რომ ეს საინტერესოა.

-ერთია თქვენ რას აკეთებთ, რა მოგწონთ და მეორეა, როგორ მოგყვებათ მომხმარებელი. საინტერესოა ქართველი აბონენტების ფსიქოლოგია. რამდენად მზად არიან ისინი, რომ მიიღონ ის ინოვაცია, რომელსაც თქვენ სთავაზობთ? ან რამდენად მზად არიან, რომ მასშტაბურად მიიღონ ეს?

- მიხარია, რომ სწრაფად იცვლება ჩვენი მოსახლეობის მენტალიტეტი უკეთესობისკენ. სულ უფრო მეტი და მეტი ამყოლი ჩნდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის წარმოუდგენელი, ინოვაციებისადმი ლტოლვა და სურვილი - მოსინჯო ახალი. ეს არის გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდება ტექნოლოგიურად იმიტომ, რომ ამაზე ჩნდება მოთხოვნა მოსახლეობაში. ყოველდღე, მაკვირვებს ხოლმე მონაცემები - რამდენი ახალი ადამიანი სარგებლობს აპლიკაციით: ჩამოტვირთა აპლიკაცია და იქ იგებს ბალანსს, იქ ყიდულობს მომსახურებას, იქ ცვლის ტარიფს. რამდენი მიდის თვითმომსახურების ტერმინალთან და ემსახურება საკუთარ თავს. რამდენი შედის ვებ-გვერდზე. მზარდი დინამიკა გვაქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის გავითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ბიძგი.

- ყველაზე ძვირადღირებული ნომრები, რომლებსაც ”ბილაინი” თავის აბონენტებს სთავაზობს...

- მეორე დინამიკას, რასაც დავაკვირდი, არის ის, რომ ლამაზ ნომრებზე მოთხოვნა მცირდება. 7-8 წლის წინ გაცილებით მაღალი იყო შვიდიანებზე, ხუთიანებზე და ყველა ლამაზ ციფრზე მოთხოვნა, ვიდრე დღეს. ეს ნიშნავს, რომ პირველი: ბაზარი ამ მომსახურებით გაჯერებულია და მეორე: ინტერნეტსივრცეში გადავდივართ, სადაც ციფრებს იმხელა მნიშვნელობა აღარ აქვს. იგივე ”ვაიბერის” და ”ვოთსაფის” მოხმარებისას - იქ ციფრები საერთოდ აღარ ჩანს.

- თქვენ ძალიან საინტერესოდ დახატეთ ის ბიზნესგარემო, რომელიც 2006-ში არსებობდა, როდესაც ”ბილაინი” ბაზარზე შემოდიოდა. ამ გადასახედიდან თუ შეგიძლიათ მითხრათ, რამდენად მიმზიდველია ბიზნესისთვის ის გარემო, რომელიც დღეს არის საქართველოში? არა მხოლოდ ამ სეგმენტში.

- საინვესტიციო გარემო ძალიან თავისუფალია. შექების მეტი არაფერი მეთქმის. მას მერე, რა პირადად ვნახე, რომ მარტივია ბიზნესის კეთება, მჯერა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებისა და მსოფლიო ბანკის, ასევე ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიციების.

- რაც შეეხება ხელისუფლებასთან კომუნიკაციას? ბევრი ბიზნესმენი ჩივის, რომ არ არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემები მარტივად მიიტანონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე.

- კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ძალიან მარტივია. პირველი, ეს დარგი არის რეგულირებადი და ყავს მარეგულირებელი კომისია. მარეგულირებელ კომისიაში განიხილება ყველა საკითხი და ეს არის მარტივი. მეორე: თუ საჭიროა ხელისუფლების სხვა შტოებთან ან სხვა უწყებებთან ურთიერთობა, ესეც არ არის პრობლემა. ვიცი, რომ იგივე ბიზნეს ომბუდსმენის მექანიზმის მეშვეობით ან სხვადსხვა გზებით, ძალიან მარტივად ხდება.

- თქვენი კომპანია დაუჯარიმებია მარეგულირებელს?

- რა თქმა უნდა.

- რის გამო?

- ბევრის რამის გამო. ეს ნორმალურია. კანონი დავარღვიეთ, უნდა დაგვაჯარიმონ.

- რას უნდა ელოდოს კომპანია ”ბილაინის” აბონენტი უახლოეს მომავალში. ნოუ ჰაუს რომ არ გამიმხელთ ეს ვიცი, მაგრამ სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით - შესაძლებელია თუ არა, კიდევ ერთხელ გადაიხედოს სატარიფო პოლიტიკა?

- ჩვენს მომხმარებელს უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ მათ მომავალს ვთავაზობთ, მომავალ ტექნოლოგიებსა და მომავალ ციფრულ სამყაროს. ეს არის თანამედროვე გარემო, სადაც ჩვენი მომხმარებელი მიიღებს ამ სერვისს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკაში, წესებს აწესებს ბაზარი. ეს არის ერთადერთი ინდუსტრია და ერთადერთი სექტორი, სადაც ფასების შენარჩუნების შესაძლებლობა გვაქვს.

- გამოდის, რომ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი თქვენს ბიზნესზე არ მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს. ჩვენ ხომ ინვესტიციებს ვაკეთებთ. მაგრამ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სატარიფო პოლიტიკა.