დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი 4,34 კმ-იანი სადაწნეო მილსადენი, აშენდება სატუმბი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით დაახლოებით 1 200 ჰექტარი სავარგულების მოსარწყავად. პროექტის ღირებულებაა 5 000 000 ლარი. "25 წელია, რაც საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ფიროსმანში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმემილიონიანი პროექტი. 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გასარწყავდება, რაც მოსახლეობის შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს",-აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

შპს "საქართველოს მელიორაციის გენერალური დირეტქორის ლევან დვალის განმარტებით, სამუშაოები მომდევნო წლის სარწყავი სეზონისათვის დასრულდება.  გარდა აღნიშნული პროექტისა, შპს "საქართველოს მელიორაცია" კახეთის რეგიონში დღეისათვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8, ხოლო საქართველოს მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.