სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1 პროცენტი შეადგინა

2015 წლის სექტემბერში, წინა თვესთან, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,1 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1,0 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,0 პროცენტი); საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 2,4 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფში ფასების ზრდა განაპირობა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 4,6-პროცენტიანმა მატებამ. ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,2-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ასევე "საქსტატის" მონაცემებით, 2015 წლის სექტემბერში 2014 წლის სექტემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,2 პროცენტი შეადგინა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (28,8 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (13,1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 9,8 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,92 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13,4-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (13,4 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (12,4 პროცენტი). ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 11,6 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,73 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.