ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავებულია

2 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 103,3 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.  "1 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 5 875 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში აქტიურად გრძელდება. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა", -ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 52 ათას ტონამდე, საფერავი - 38,2 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,4 ათასი ტონა კახური მწვანე და 11 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 34,5 ათასი ტონა, თელავი - 23,2 ათასი ტონა, ყვარელი - 19 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 6 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.