,,ჯორჯიან მილკი“ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულში მდებარე ,,სმარტიდან“ აღებული შპს ,,ჯორჯიან მილკის“ მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2,5%-იანი - მილკო“) ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს“ რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს. რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული. აღნიშნული დარღვევის გამო ,,ჯორჯიან მილკი“ დაჯარიმდა, ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტო) დღემდე სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ამათგან, ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი. რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით, გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა ,,შატილის,“ სამგორი ალკოს“ ,,ვოლგოდონსკოეს“ ნაღების კარაქსა და გლეხურ კარაქში.

შეგახსენებთ, 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", რომლის მიხედვითაც, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი.

ქრისტინე გამთენაძე