ნოდარ ხადური: ლარს საშუალოვადიან პერსპექტივაში აშკარად აქვს გამყარების ტენდენცია

ლარს საშუალოვადიან პერსპექტივაში აშკარად აქვს გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლით კურსს არანაირი ზეგავლენა ბიუჯეტის შემოსავლებზე და ხარჯებზე არ აქვს: "ერთადერთი ნაწილი, სადაც გაცვლითი კურსი გასათვალისწინებელია ეს არის სესხების გადახდა და სესხების აღება. მაგრამ, ჩვენ დაველოდებით დეკემბრის დასაწყისს, როდესაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მივიღებთ."

ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზეც გააკეთა კომენტარი.  "ცხრა თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული, წლიური გეგმის 75,7 პროცენტია უკვე მობილიზებული. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და ასე თანაბრად არასოდეს არ ყოფილა ბიუჯეტის ხარჯვა. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ძალიან ჰარმონიულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ ხდება ბიზნესის დატერორების გზით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.