გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს შეხვედრებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი დღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დოქტორ ჯიმ იონგ კიმს შეხვდა.  შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იყო და მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებაც ისაუბრეს.  ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით უკვე მრავალი წელია ახორციელებს.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკისათვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მრავალი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რამაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა დოქტორ ჯიმ იონგ კიმს მხარდაჭერისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის შეხვედრა. მსოფლიო ბანკი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ორივე პრეზიდენტის მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გამაძლიერებელი მსხვილი პროექტების ხელშეწყობა", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.