კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა. "დელტას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 1 ოქტომბრის 16:20 საათიდან კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შემოვიდა.  16:40 საათისთვის სეტყვის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 10-20 მმ იყო.

მათივე ინფორმაციით, პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16:50 საათიდან 17:05 საათამდე ღრუბლის სარაკეტო დამუშავება ოთხ ეტაპად განხორციელდა. გასროლილ იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.