რა ელოდებათ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს, თუ არხს ხალვაში დაიბრუნებს - ბიზნესმენის ახალი განცხადება

ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები "რუსთავი 2"-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ განცხადებას ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა, კიდევ ერთხელ სცადეს "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირდაპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების "მოლარის", დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება.

"საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას. პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია, სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე. იმედი გვაქვს, ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე  ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე თქმით, გვარამია, ბოლო დროს, ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც ცხადს ხდის "ვერაგულ ჩანაფიქრს" - მას და მის თანაგუნდელებს, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით, სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე. "ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ გაჩერდება და არცერთი, ვიმეორებთ, არცერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი, ნორმალური, მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.