„კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი" FIFA-ს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ

FIFA-ს მთავარი საერთაშორისო სპონსორები ბლატერს დაუყოვნებლივი გადადგომისკენ მოუწოდებენ. მსოფლიოს წამყვანი კომპანიების - „კოკა-კოლას“, „მაკდონალდსის“, „ვიზას“ და „ბუდვაიზერის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფეხბურთის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციისთვის ბლატერს უდიდესი ზარალი მოაქვს და ის FIFA-ს იმიჯს აზიანებს. „კოკა-კოლა მოუწოდებს FIFA-ს პრეზდენტ იოზეფ ბლატერს დაუყოვნებლივ გადადგეს იმისათვის, რომ ფედერაციის რეფორმირებისთვის საჭირო პროცესები დაიწყოს“, - წერია „კოკა-კოლას“ განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FIFA-ს დიდი ხნის სპონსორები, რომლებსაც წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული, ბლატერის გადადგომას ღიად ითხოვენ. ზეპ ბლატერის ადვოკატის რიჩარდ კალენის თქმით, FIFA-ს პრეზიდენტი პოსტის დატოვებას არ აპირებს. „მიუხედავად იმისა, რომ „კოკა-კოლა“ საკმაოდ ღირებული სპონსორია, ბლატერი არ ეთანხმება ამ კომპანიის მოთხოვნას და არ მიაჩნია, რომ FIFA-ს პრეზიდენტის პოსტის დატოვება სარგებლის მომტანი იქნება ასოციაციისთვის“, - განაცხადა ბლატერის ადვოკატმა.

გასულ კვირას FIFA-ს ეთიკის კომისიამ ზეპ ბლატერისა და UEFA-ს პრეზიდენტის, მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს შვეიცარიელი პროკურორები ასოციაციისთვის არასასურველი კონტრაქტის გაფორმებასა და UEFA-ს პრეზიდენტისთვის თანხის გადახდაში ადანაშაულებენ.