ციტრუსის მოსავალი რეკორდული და ხარისხიანია

წელს ციტრუსის მოსავალი 135 ათას ტონას გადააჭარბებს. აქედან 105 ათას ტონას მხოლოდ აჭარის რეგიონში ელოდებიან. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ციტრუსის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და ხარისხითაც გამოირჩევა. მოსავლის ზრდა, როგორც წესი, სეზონური ცვლილებებითაა გამოწვეული. შარშან ციტრუსის მოსავალი მცირე იყო და ქვეყნის მასშტაბით 75-80 ათას ტონამდე დაიკრიფა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის განმარტებით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა. მაღალი ხარისხი კი ექსპორტისთვის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ციტრუსის კრეფა აჭარაში ნოემბრის დასაწყისში დაიწყება და თვის ბოლომდე დასრულდება. უკვე მიმდინარეობს საუბარი პროდუქტის რეალიზაციაზე. ძირითად ბაზრებად კვლავ რუსეთი, უკრაინა და შუა აზიის ქვეყნები მიიჩნევა.  მოხდება თუ არა ციტრუსის მოსავლის სუბსიდირება, მთავრობაში ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, თუმცა გაზრდილი მოსავლიანობის ფონზე ”ნარინჯისფერი რთველის” წარმატებით ჩატარების იმედი აქვთ.

ზაურ ფუტკარაძე შესაძლო პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ გაწეული სამუშაოების ფონზე, ქართული მანდარინი გაუყიდავი არ დარჩება.

”წელს ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი იქნება. აჭარაში სულ 105-106 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი 130-135 ათას ტონა ციტრუსის მოსავლის პროგნოზია”, - აცხადებს ფუტკარაძე და ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ პრობლემაზეც, რაც შეიძლება ციტრუსის ექსპორტს შეექმნას.  ”უკრაინასა და რუსეთში არსებული ვითარება, ასევე ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები, გარკვეულ სირთულეს შეგვიქმნის. აქედან გამომდინარე, წელს გვინდა, რომ შუა აზიის მიმართულებით გავაქტიურდეთ. რა თქმა უნდა, აქტუალური იქნება ტრადიციული ბაზრები, მხედველობაში მაქვს უკრაინა, რუსეთი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.  ჩვენი მიზანია, სათანადოდ მოვამზადოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, რომ მიმღებმა პუნქტებმა კარგად იმუშაონ. ექსპლუატაციაში შევა რამდენიმე საწარმო, რომელიც ციტრუსის გასანთვლაზე იმუშავებს, რაც, თავის მხრივ, დაახლოებით ერთი თვით გაზრდის შენახვის ვადას. მაქსიმალურად ვცდილობთ, სეზონი წარმატებით ჩავატაროთ”, - აცხადებს ზაურ ფუტკარაძე.

რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის და სახელმწიფო ამ პროცესში ვერ ჩაერევა. ”შევეცდებით მაღალი ფასის შენარჩუნებას, რითაც დარგის განვითარებას შეეწყობა ხელი და მოსახლეობასაც შემოსავალი გაუჩნდება. თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ამიტომ ფასის პროგნოზირება ჯერ კიდევ ადრეა”, - აცხადებს ფუტკარაძე.

უცნობია სახელმწიფოს დამოკიდებულება ციტრუსის სუბსიდიასთან დაკავშირებითაც.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საუბარია არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამასთან დაკავშირებით დეტალები რამდენიმე დღეში გაირკვევა. წინა წელთან შედარებით, ციტრუსი ოდნავ ნაკლებია გურიაში, თუმცა ადგილობრივებს ხარისხიანი მოსავლის იმედი აქვთ და ამბობენ, რომ რეალიზაცია არ უნდა გაუჭირდეთ.

ოზურგეთის მონიციპალიტეტის წარმომადგენელი ომარ ჩხარტიშვილი იმედს ციტრუსის ექსპორტზე ამყარებს. მისი თქმით, ბუნებამ თუ გაამართლა, წლევანდელი სეზონი წარმატებით ჩაივლის. ”მარტო ოზურგეთში 11 ათას ტონა ციტრუსს ველოდებით, რეგიონის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 25 000 ტონამდეა. მანდარინის სავარაუდო რაოდენობა 16,5 ათას ტონას შეადგენს, ფორთოხალი 880 ტონამდეა, ხოლო ლიმონის რაოდენობა 900 ტონას აღწევს. წინა წელთან შედარებით, ოდნავ ნაკლებია, მაგრამ ხარისხის მხრივ საუკეთესო მოსავალი გვაქვს. თვის ბოლომდე ციფრებს კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ და შეიძლება მონაცემები უმნიშვნელოდ შეიცვალოს. ძირითადი ექსპორტიორი წელსაც უკრაინა და რუსეთია. ჩვენი ციტრუსი დიდი რაოდენობით გავა ყაზახეთში, უმნიშვნელოდ - სომხეთსა და აზერბაიჯანში. ახალი ბაზრები ჯერჯერობით არ გვაქვს. მთავარია, ბუნებამ გაამართლოს, სხვა მხრივ, არ უნდა გაგვიჭირდეს”,- განმარტავს ომარ ჩხარტიშვილი.

ციტრუსის უმაღლესი ხარისხის მოსავალია აფხაზეთშიც, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული პროდუქტი, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საერთო სათვალავში არ მიიღება. აფხაზური ნაწარმი წლების განმავლობაში რუსულ ბაზარზე გადიოდა და ახლაც ასეა. ცხადია, აფხაზური ციტრუსი წელსაც გავა რუსეთში, მცირე ნაწილი კი, სავარაუდოდ, ქართულ ბაზარზეც გაიყიდება და გალელები ტრადიციულად ზუგდიდის ბაზრით ისარგებლებენ.  გალის რაიონი ციტრუსის მოსავლის სიუხვით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. სამაგიეროდ, ის დიდი რაოდენობით მოჰყავთ აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გუდაუთის რაიონებში. აფხაზურ მანდარინს რუსული ბაზრის კარი ღია ჰქონდა და ამ მხრივ პრობლემები არც ამ სეზონზეა მოსალოდნელი.

”ომის შემდეგ 1999 წელს დავბრუნდი და მთელი მოსავალი განადგურებული დაგვხვდა. გარკვეული ნაწილის გადარჩენა მოვახერხე. ყოველწლიურად 2 ტონამდე ციტრუსი მოგვყავს. წელს მცირე ნაწილი ზუგდიდში უკვე გავყიდე.  ნაცნობი აფხაზები მპირდებიან, რომ პროდუქციის რუსეთში გატანაში დამეხმარებიან. ცხადია, რისკის გაწევა მომიწევს. არ ვიცი, ეს გზა რამდენად იღბლიანი იქნება”, - ამბობს სოფელ ნაბაკევის ერთ-ერთი მკვიდრი ”რეზონანსთან” საუბრისას.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“