კახეთში 109 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 109 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 74 მლნ ლარს გადააჭარბა.  "2 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 5 439 ტონა, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურია. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 56 ათას ტონამდე, საფერავი - 40 ათას ტონამდე, ასევე 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე და 11,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 36,5 ათასი ტონა, თელავი - 24,7 ათასი ტონა, ყვარელი - 19,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,7 ათასი ტონა და საგარეჯო - 6,7 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი, ფაქტობრივად, დასრულებულია.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და სპეციალური ვებგვერდი - www.rtveli2015.gov.ge.