ვაკის პარკში "შუმბა ლენდის" სამშენებლო სამუშაოები იწყება

ვაკის პარკში ბავშვთა გასართობი პარკის - "შუმბა ლენდის" სამშენებლო სამუშაოები იწყება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და ახალი, იტალიური ატრაქციონებით აღჭურვილი პარკის მოწყობას შპს "ვაკის პარკი" თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს ვაკის პარკში "შუმბა ლენდის" პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, შპს "ვაკის პარკის" დამფუძნებლები და ატრაქციონების იტალიური კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ეს ტერიტორია ვაკის პარკში წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. გადავწყვიტეთ, გავაშენოთ ახალი პარკი "შუმბა ლენდი". აქ ექვს თვეში დამონტაჟდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონები და პარკი მოემსახურება მთელ ქალაქს", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. 20-მდე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ატრაქციონით დაკომპლექტებული პარკი "შუმბა ლენდი" 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.