პროფკავშირები მთავრობას მიმართავს, მოხდეს მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს, მოხდეს მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვა.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარე აქცია დასრულდა. აქცია ღირსეული შრომის დღეს მიეძღვნა და მასში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის, ახალგაზრდული პროფკავშირების წარმომადგენლები. აქციაზე პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც არსებობს საქართველოს საწარმოებში: ჭიათურაში, ზესტაფონში, ტყიბულში, კაჭრეთში, აჭარის ტექსტილის ფაბრიკებში, შრომის პირობებთან დაკავშირებით.

პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებების დაცვა არ სრულდება და დაბალია ანაზღაურება.  აქციის დასასრულს, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისადმი მიმართვა წაიკითხა, რომლითაც პროფკავშირები ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვს.  მიმართვის თანახმად, საჯარო სექტორისათვის მინიმალური ხელფასი 115 ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში დაწესებული სახელფასო მინიმუმი 20 ლარი 1997 წლიდან აღარ შეცვლილა.  "აღსანიშნავია, რომ ერთი მხრივ, 20 ლარი ყოველთვიურ საარსებო მინიმუმზე, 157 ლარზე თითქმის 8-ჯერ ნაკლებია, ხოლო 115 ლარი, ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ 73 პროცენტს შეადგენს. მეორე მხრივ, საკუთრივ საარსებო მინიმუმის გამოთვლის წესი იწვევს სერიოზულ ეჭვებს", - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ არა მხოლოდ პროფკავშირები, არამედ უცხოური ბიზნესორგანიზაციებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს მინიმალური ხელფასის პოლიტიკას და მისი ოდენობა გაზარდოს. კერძოდ, ასეთი ოფიციალური კოლექტიური წერილით საქართველოს მთავრობას "ადიდასის" "ნაიკის", "ნიუ ბალანსის" და "პუმას" კორპორაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს, მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა.

პროფკავშირები მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები სოციალურ პარტნიორებთან, პროფკავშირებთან ქვეყანაში მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გადახედვის მიზნით.