ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი ლათიური დაზიანდა

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანდა.

ოზურგეთის რაიონის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად რამდენიმე კერძო საცხორებელ სახლსა და კორპუსს გადახდილი აქვს სახურავი, ასევე ლაითურის გზაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

"ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა გადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა სოფელ ლაითურში, მერიასა და სოფელ ასკანაში. დანარჩენ სოფლებში ელექტროენერგია ჩვეულებრივ მიეწოდებათ. ხვალ დილისთვის ეს პრობლემაც მოგვარდება", - განაცხადა ჭანუყვაძემ.

მისივე თქმით, დაზიანებულ სახურავებთან დაკავშირებით კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

"დღეს ზარალის აღწერას ვერ მოვახერხებთ ღამეა და ხვალ დილიდან გვეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.