ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში.

მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა.

მართალია, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ გლეხებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ან სარწყავები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი. მათ შეუძლიათ მოსავლის დივერსიფიცირებისა და ტერიტორიების გაზრდის მეშვეობით თავი დაიზღვიონ ბუნების მიერ მიყენებული დანაკარგისგან. მართალია, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რისკების შემცირების ასეთი ზომები დაეხმარებათ მათ უფრო სტაბილური გახადონ თავისი შემოსავალი. დაბოლოს, აგრო დაზღვევა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც რისკების შემცირების დამატებითი საშუალება ისეთი ძლიერი სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, როგორიცაა ადრეული ყინვები, წყალდიდობა, გვალვა, ქარიშხალი.

2014 წლამდე აგრო დაზღვევის შესახებ საქართველოში თითქმის არავის არაფერი სმენოდა. დაზღვევის ნაცვლად, ქართველი გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას ერჩია რუსული რულეტი ეთამაშა დედაბუნებასთან. ისინი ყოველთვის ასე იქცეოდნენ, რადგან არასოდეს ჰქონდათ ხელზე საკმარისი თანხა, უგულებელყოფდნენ რისკებს და... მუდამ მთავრობის დახმარების იმედად იყვნენ.

2014 წელს ქვეყნის მთავრობამ დაიწყო სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის პილოტირება იმის იმედით, რომ ბაზარს ახალ „წონასწორობაში“ გადაიყვანდა. იმ წელს თითქმის 21,000 პოლისი „გაიყიდა“ სიმბოლურ ფასად, რომელიც რეალური ფასის მხოლოდ 6%-ს შეადგენდა (დარჩენილ 94%-ს, როგორც წესი, მთავრობა ფარავდა). თუმცა ერთი წლის შემდეგ, როგორც კი მთავრობამ სუბსიდიის მოცულობა 55%-მდე შეამცირა, გაყიდული პოლისების რაოდენობა 3,500-ზე ქვემოთ დაეცა.

2015 წელს გაყიდული პოლისების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ვარდნას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. სუბსიდიის მოცულობა არა მხოლოდ შემცირდა 94-დან 55%-მდე, არამედ ის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მცირემიწიანი ფერმერებისთვის (ამით აიხსნება დაზღვეული მიწების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაც). ცხადია, 2015 წლის ბოლომდე სადაზღვევო პოლისები კიდევ გაიყიდება, მაგრამ აშკარაა, რომ პილოტმა ვერ მოიტანა მდგრადი შედეგები.

უნდა დაისვას ორი კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა აგრო დაზღვევის ბაზრის შექმნა, რომელზეც სუბსიდიის სახით გადასახადის გადამხდელთა 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა? და შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას, უკეთ იმუშაოს ამ მიმართულებით?

გლეხები, ჰეჯირების ფონდის ფეხშიშველი მენეჯერები

MIT-ის პროფესორები, ესტერ დუფლო და აბიჯიტ ბანერჯი თავიანთ 2011 წლის ბესტსელერში „სიღარიბის ეკონომიკა“ ამტკიცებენ, რომ ღარიბი სოფლების ოჯახობათა მართვა ჰგავს ჰეჯირების ფონდის მართვას რისკების შემცირების ისეთი თანამედროვე საშუალებების გარეშე, როგორიცაა დაზღვევა, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვ. უფრო მეტიც, ჰეჯირების ფონდის მენეჯერებს (ან ადამიანებს, რომლებიც შემოსავლის კიბის შუა რგოლს წარმოადგენენ) შეუძლიათ გაუმკლავდნენ შემოსავლების მცირე ნეგატიურ შოკებს, ღარიბ ოჯახობებს კი ამის ფუფუნება არ აქვთ. შემოსავლების მცირედით შემცირებაც კი ნიშნავს, რომ მათ უნდა შეამცირონ საკვებზე, ჯანმრთელობასა თუ განათლებაზე დახარჯული თანხების რაოდენობა.

დუფლოსა და ბანერჯის აზრით, რისკების სამართავად ღარიბები მიმართავენ ჰეჯირების პრიმიტიულ სტრატეგიებს, რაც ხელს უშლით მათ, დაეუფლონ სპეციალობას და გახდნენ უფრო პროდუქტიულები. მსგავსი სტრატეგიების მაგალითებია: გაფართოებულ ოჯახებს შორის ურთიერთდახმარება, ნაკვეთებისა და მოსავლის დივერსიფიცირება (ამგვარად ამცირებენ წარმოების მასშტაბის ეკონომიკისგან მიღებულ მოგებას), მაღალშემოსავლიანი ჰიბრიდული თესლების მსგავს სარისკო ინოვაციებში ძვირადღირებული ინვესტიციების ჩადებისთვის თავის არიდება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სტრატეგიები ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი რისკების (მაგ. ამინდთან დაკავშირებული მოვლენების) დროს, ისინი ძვირი ჯდება და გლეხებს სიღარიბეში ტოვებს.

აგრო დაზღვევას შეუძლია გაათავისუფლოს ღარიბი გლეხები მსგავსი პრიმიტიული ჰეჯირების საჭიროებისგან და საშუალება მისცეს მათ, დაკავდნენ უფრო პროდუქტიული საქმიანობით. წესით, ღარიბებმა უნდა გამოიყენონ აგრო დაზღვევა, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ. თუმცა, როგორც ბანერჯი და დუფლო აღნიშნავენ, რეალობა სრულიად საწინააღმდეგოა. რობერტ თაუნსენდისა და მისი თანაავტორების აზრით, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მცირე შემოსავლების მქონე ინდოელი გლეხების მხოლოდ 5-10% იზღვევს თავს გვალვისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ ნალექებს ასახელებენ რისკების მთავარ მიზეზად. დინ კარლანის აზრით, ხშირად გლეხებს არ სურთ დაზღვევის შეძენა, მაშინაც კი, როდესაც მისი ფასი თითქმის ნულის ტოლია ან ბევრად დაბალია მის რეალურ ფასზე. ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ არის ასეთი დაბალი მოთხოვნა დაზღვევაზე ღარიბ გლეხებში?

ბანერჯი და დუფლო ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველი არის, როგორც მას ავტორები უწოდებენ, „მოთხოვნით მოვაჭრე“ (ე. წ. demand-wallah” argument), რომელიც ძალიან კარგად ესადაგება ქართულ რეალობას. როდესაც 2012 წლის ივლისში სეტყვა მოვიდა (საბედისწერო საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე), კახელმა გლეხებმა მიიღეს დაახლოებით 150 მილიონი ლარის კომპენსაცია: 50 მილიონი ლარი მთავრობის ფონდებიდან, დანარჩენი 100 მილიონი ლარი კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილის ფონდიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება კახელი გლეხები რუსულ რულეტს ეთამაშებიან ბუნებას, მაგრამ ამას ფუჭი მასრებით დატენილი იარაღით აკეთებენ!

საქართველოში აგრო დაზღვევა ნადმვილად არ არის იაფი. მიმდინარე ფასებით, ქართული თხილის მწარმოებელი, რომელიც ფლობს 1.5 ჰექტარ მიწას, ვალდებული იქნებოდა, ეყიდა დაზღვევა, რომელიც, მთავრობის მიერ სუბსიდირების შემთხვევაში, მისი შემოსავლის 2.4% ეღირებოდა, მსგავსი სუბსიდიის არარსებობის შემთხვევაში კი – 6.1%. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული გარანტირებული დახმარების გათვალისწინებით, გლეხებს არ აქვთ ძლიერი მოტივაცია, შეიძინონ დაზღვევა და, რაც კიდევ უფრო ცუდია, შეამცირონ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს, არსებული აგრო დაზღვევის მიზერული მოცულობის გათვალისწინებით, არც დაზღვევის პროვაიდერებს არ აქვთ ძლიერი მოტივაცია, ინვესტიცია ჩადონ კვლევასა და მონაცემთა ანალიზში, ან განავითარონ ახალი, ქართულ ბაზარზე მორგებული პროდუქტები.

იხილეთ გაგრძელება