ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გავამკაცრეთ და ვაპირებთ კიდევ უფრო გავამკაცროთ ღვინის ხარისხის კონტროლი

ჩვენ გავამკაცრეთ და ვაპირებთ კიდევ უფრო გავამკაცროთ ღვინის ხარისხის კონტროლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადა, სადაც ქართული ღვინის დღის ფარგლებში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

"ჩვენ გავამკაცრეთ და ვაპირებთ კიდევ უფრო გავამკაცროთ ღვინის ხარისხის კონტროლი. ეს არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს ღვინის ფალსიფიცირება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკვე მესამე წელია საქართველოში წარმატებული რთველი მიმდინარეობს და წელსაც ძალიან ბარაქიანი რთველი გვქონდა, ვინაიდან 100 000 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩაბარებულია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჩაიბარებს ასევე იმ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები არ ჩაიბარებენ.