თბილისი, როგორც ერთი დიდი ბაზრობა

გარევაჭრობა - პრობლემა, რომელიც დღითიდღე მწვავდება და დღითიდღე უფრო აუტანელი ხდება, რადგან გარემოვაჭრეების რიცხვი, მთელი ქალაქის მასშტაბით, ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ამ დრომდე მის გადასაჭრელად ქალაქის ხელისუფლებას არაფერი უღონია.

"თბილისი ერთი დიდი ბაზარია" - ასე ხედავენ და აფასებენ დედაქალაქს მისი მცხოვრებლები და ხელისუფლებისაგან მკაცრი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ

. შუა ქუჩაში გაჩაღებული ვაჭრობით შექმნილი დისკომფორტის გარდა, ისინი იმ საფრთხეებზეც მიუთითებენ, რაც მზეზე, მტვერში გაყიდული პროდუქტით მოსახლეობას ექმნება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელი და ამისათვის მუშაობა მიმდინარეობს კიდეც. თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან და არც ის მოუფიქრებიათ, თუ რა ფორმით გადაჭრიან საკითხს. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ პრობლემა ხისტად გადაჭრა - მათ ქუჩები ერთი ხელის მოსმით გაწმინდეს, რასაც არაერთი ხმაურიანი აქცია მოჰყვა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, გარემოვაჭრეები თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდნენ და შედეგად, მეტროს ამოსასვლელებთან გავლა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანისგან დიდ მოთმინებასა და მოხერხებას მოითხოვს. "ვაგზლის", "ახმეტელის", "დიდუბის", "ვარკეთილის", "სარაჯიშვილის", "ღრმაღელის", "მარჯანიშვილის" და სხვა მეტროს სადგურების მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლები კი ანტისანიტარიას, მუდმივ ხმაურს, აყალმაყალსა და მოხშირებულ დაავადებებს უჩივიან და თბილისის მერიისაგან პრობლემის სწრაფად გადაჭრას ელიან.

"ახმეტელის" მეტროს ახლოს, გლდანის ა მიკროში ვცხოვრობ. ბინა მაქვს ნაგირავები და ერთი სული მაქვს ხელშეკრულებას ვადა გაუვიდეს, რომ სხვაგან გადავიდე. თბილისის არაერთ უბანში მიცხოვრია, მაგრამ ასე არსად არ შევწუხებულვარ. მუდმივად ყაყანი, ჩხუბი, სიბინძურე და სუნია. დილის 7 საათიდან გვიან ღამემდე არ იშლება ხალხი. თითქმის ყოველ საღამოს ჩხუბია და პატრული აშველებთ. პატარა ბავშვი მყავს და ასეთ ადგილას ცხოვრება არც უსაფრთხოა და არც კომფორტული", - ამბობს სოფიო ფიცხელაური.

მოსახლეობის გარდა, პრობლემით შეწუხებულები არიან მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებიც. ამბობენ, რომ მათ ეს საკითხი არანაკლებ აწუხებთ, რადგან მუშაობა დილიდან საღამომდე საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ. 27 წლის მარიამი ერთ-ერთი მათგანია. იგი "დიდუბის"  მეტროსთან, ბანკში მუშაობს."ხშირია კონფლიქტი როგორც გარემოვაჭრეებს, ისე გამყიდველებსა და კლიენტებს შორის. ზოგჯერ ისეთი ჩხუბი ამტყდარა, რომ ქალები პატრულს გაუშველებია. სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არ არის ქუჩაში ასეთი ამბავი, მაგრამ ამ ხალხისაც მესმის, პურის ფულისთვის დგანან სიცივესა და სიცხეში გარეთ", - ამბობს მარიამი.

თავად გარემოვაჭრეები ყველაფერს გაჭირვებას აბრალებენ და ამბობენ, რომ ამგვარი ყოფა არც მათ მოსწონთ. "ამდენ ხალხში ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც აქ თავისი ნებით დგას. ყველა სიღატაკემ აიძულა. მათ შორის მეც. ერთი დროს კარგი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ის კარგი ცხოვრება სოხუმში დავტოვე. ახლა მე ამ ბაზრობაზე ვწვალობ და ჩემი ქმარი - მშენებლობაზე. აბა, რა ვქნათ, შვილები და შვილიშვილები გვყავს", - გვითხრა ბავშვის ტანსაცმლით მოვაჭრე ქალბატონმა, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა. ჩვენს კითხვაზე, ქალაქის ხელისუფლებისგან შემოთავაზების შემთხვევაში გადავა თუ არა სავაჭროდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, მტკიცე უარი განაცხადა და დასძინა, რომ ამას არა მხოლოდ ის, არამედ სხვა მოვაჭრეებიც არ დათანხმდებიან. "კეთილმოწყობილ ბაზრობაზე მუშაობა ჩვენც გვირჩევნია, მაგრამ შემოსავალი ძალიან ცოტაა, გადასახადი კი - დიდი", - თქვა მან.

პრობლემის სიმწვავეს ქალაქის ხელისუფლებაში აღიარებენ და ამბობენ, რომ თავადაც ძალიან არიან შეწუხებული. დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავდარაშვილი თემას აქტუალურს უწოდებს და დასძენს, რომ მას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეწუხებულია ამ პრობლემით მოსახლეობა. ამბობს, რომ არ შეიძლება მანქანების სავალი გზის გვერდით პროდუქტი იყიდებოდეს. სწორედ ამიტომ, თემის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს და პრობლემის გადაწყვეტას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. "როგორც პიროვნება, როგორც დედა, როგორც ექიმი, როგორც გამგებელი სასტიკად ვაპროტესტებ და გარევაჭრობის წინააღმდეგი ვარ. ჩემს ტერიტორიაზე არსებული ბაზრობების დირექტორებთანაც მქონდა საუბარი და იმაზეც კი შევთანხმდით, რომ თუკი ეს ხალხი ბაზრობებზე შევა, 6-7 თვის განმავლობაში გადასახადებს არ გადაახდევინებენ. ამ საკითხით სურსათის უვნებლობის სააგენტოცაა დაინტერესებული, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. ასევე დაინტერესებულია მერის მოადგილე. ჩემი ღრმა რწმენითა და დიდი მცდელობით, ეს პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოგვარდეს. არ შეიძლება ქუჩაში საჭმელი იყიდებოდეს. განსაკუთრებით ისეთი მალფუჭებადი, როგორებიც თევზი, ხორცი და ყველია", - ამბობს ზავრადაშვილი.

მისივე თქმით, ბაზრობების ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის აქტიურობა გაათმაგებულია, მაგრამ შედეგს არც ეს იძლევა, რადგან დასუფთავებიდან ერთ საათში ტერიტორია კვლავ ბინძურდება.

"შესაბამისად, თუკი გარევაჭრობა არ აიკრძალა, სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება", - ამბობს ის.

კითხვაზე, თუ რას შესთავაზებენ გარემოვაჭრეებს, პასუხობს, რომ ბაზრობებზე შესვლის შემთხვევაში 6-7 თვით გადასახადებიდან გათავისუფლება საკმაოდ სერიოზული შეთავაზებაა. თუმცა, მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებს ბაზრობებზე შესვლას გარევაჭრობა ურჩევნიათ, მისი მტკიცებით, გადასახადი არ არის. ამბობს, რომ გარემოვაჭრეები გარეთაც უხდიან "ვიღაც-ვიღაცებს" ფულს. "მე ვეძებ იმ ადამიანებს, ვინც ამათგან ფულს იღებს, მაგრამ ფაქტზე ვერ წავასწარი. მოსახლეობისაგან შემომდის ხოლმე კულუარული ინფორმაცია. რამდენჯერმე დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოჩნდა ვიღაც, ვინც ამ ხალხს ფული გამოართვა, მაგრამ ადგილზე რომ მივდივარ, აღარავინ მხვდება. ასე რომ, ვიღაცისათვის შესაძლოა ეს სავაჭრო თემა და ეკრანებთან სალაპარაკო იყოს, მაგრამ რეალურად გადასახადის გადახდა მიზეზი არაა," - აცხადებს ზავრადაშვილი.

პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც აღმოჩნდა, მერიაშიც მუშაობენ, თუმცა, ჯერ არ მოუფიქრებიათ, თუ როგორ მოაგვარებენ მას. მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლებიან, რომ მუშაობა მიმდინარეობს.

"არ დაზარალდებიან ადამიანები, ვისთვისაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. უბრალოდ, უფრო იმ მიმართულებით წავალთ, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე მიეცეს. ფორმა ჯერჯერობით არ არის მოფიქრებული, მაგრამ ორგანიზებულად რომ უნდა იყოს, ფაქტია. მუშაობა რომ დასრულდება, უფრო კონკრეტულად საუბარი მერე შეგვეძლება. მანამდე კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ამ ადამიანების შემოსავლის გარეშე დარჩენა არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება", - ამბობენ მერიაში.

თაკო მათეშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"