"მეორადი საბურავების შემოტანა აიკრძალება!"

რომელი ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება და რა ბედი ელით იმ მანქანებს, ტექდათვალიერებას რომ ვერ გაივლიან?

ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე საგადასახადო შეღავათები უნდა დაწესდეს. თუკი პარლამენტმა ეს კანონპროექტი მიიღო, ის 2016 წლიდან ამოქმედდება.

"ქრონიკა" კანონპროექტზე უფრო დეტალურად, მის ინიციატორსა და ერთ-ერთ ავტორს, გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.

- ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, ვინც ჰიბრიდულ ავტომობილებს შემოიყვანს ქვეყანაში, იმპორტიორებსაც და კერძო პირებსაც, უნდა დაუწესდეთ საგადასახადო შეღავათები. ეს არის აქციზისა და იმპორტის გადასახადები. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტი, ნაკლებად მოიხმარს საწვავს და ჩვენს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, მართლა ძალიან დიდ შეღავათს მისცემს. საგადასახადო შეღავათები უნდა დავუწესოთ კერძო პირებსაც და დილერებსაც, რომელთაც შემოჰყავთ ჰიბრიდული მანქანები. ჰაერის დაბინძურების მხრივ კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში და ამ გზით თუ არ წავედით, მერე გვიანი იქნება. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერება გააუქმა. უკვე მე-11 წელია, რაც ერთ ავტომობილს არ გაუვლია ტექდათვალიერება და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იქნება ამ მხრივ, რა დღეში იქნება ჩვენი ავტოპარკი. დღევანდელმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და სასწრაფოდ აღადგინოს ტექდათვალიერება.

- არჩევნების წინ ხელისუფლება ტექდათვალიერებას არ შემოიღებს. ეს რომ გააკეთოს, ასეულ ათასობით ავტომოფლობელს მოუწევს დამატებითი ხარჯის გაწევა, მათი დიდი ნაწილისთვის კი ეს ხარჯი საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება. ამ ხალხს "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ მოიმდურებს.

- თავის დროზე ტექდათვალიერების გაუქმება იმ მიზეზით, რომ ეს კორუფციის წყარო იყო, დიდი შეცდომა გახლდათ. კორუფცია იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში და ამ ლოგიკით, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაეუქმებინათ. მიხეილ სააკაშვილმა ამ უგუნური ნაბიჯით, ვითომ ხალხი მოიმადლიერა, მაგრამ საბოლოოდ ამან ვერ უშველა. ვერც "ქართულ ოცნებას" უშველის ამ საკითხის ასე დატოვება. კი, არჩევნების წინ ყოველთვის ხდება პოპულისტური თემების გაჟღერება, ყველა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ცდილობს, ქვეყნისა და ხალხისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო პრობლემების მიჩქმალვას და იმგვარი ინიციატივების წინა პლანზე წამოწევას, რომლებიც მათ ხმებს მოუტანს. მეც კარგად ვიცი, რომ ტექნიკური დათვალიერების შემოღება ხელისუფლებას ბევრ მომდურავს გაუჩენს, მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ჯერ კიდევ წელს, 1-ლი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო ტექდათვალიერება, მაგრამ ხელისუფლებამ ეს საკითხი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე გადასწია. ეს მარტო ჩვენი მოთხოვნა არ არის, ეს ევროასოცირების ხელშეკრულებითაც გათვალისწინებულია. ამ ხელშეკრულებით არამხოლოდ ტექდათვალიერება უნდა შემოვიღოთ, აუცილებლად უნდა დაიწყოს საწვავის ხარისხის უმკაცრესი კონტროლი. ხელშეკრულებით, ეკოლოგიის კუთხით, 102 ვალდებულება გვაქვს აღსასრულებელი და ამ ვალდებულებათა შესრულება უნდა დავიწყოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მალე თბილისში, უბრალოდ, სუნთქვა შეუძლებელი გახდება, მავნე ნივთიერებების შემცველობა ჰაერში ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადასცდა, ზოგიერთ ადგილას, ჰაერში მტვრის შემცველობა 60%-ს აჭარბებს. ხელისუფლება თუ ხალხს სასიკვდილოდ გაიმეტებს საარჩევნო ხმების დაკარგვის შიშით, ასეთი ხელისუფლება ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ეს სადავო და საკამათო არც არის. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ამ ხელისუფლებას? ამ მომწამვლელი ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერისგან ხალხი ქუჩაში ცუდად უნდა გახდეს, გაიგუდოს, დაიხოცოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიხვდნენ, რომ მართლა კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში?

- გასაგებია, მაგრამ ტექდათვალიერების აღდგენა ხომ გარკვეულ ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსახლეობას, ამას გაუძლებს ჩვენი საშუალო და დაბალი ფენები? ხალხი ისედაც უმძიმეს ყოფაშია, გაზრდილმა კომუნალურმა გადასახადებმა და ლარის კურსის გაუფასურებამ, სასტიკად გააუარესა ცხოვრება და გაუძლებს ეს ხალხი კიდევ ახალ გადასახადს ამ ტექდათვალიერების დამატების სახით? მით უმეტეს, თქვენ ევროსტანდარტების დონის ტექდათვალიერებას ითხოვთ, სხვაგვარად ამ სტანდარტების შესაბამისად გამართული ავტომობილები ვერ ივლიან საქართველოში.

იხილეთ გაგრძელება