რა პოტენციალი აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომებს საქართველოში?

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რის გამოც ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. ამის საუკეთესო მაგალითია მესტიის აეროპორტი, რომელიც ულამაზეს კუთხეს, სვანეთს დანარჩენ საქართველოსთან უმოკლეს დროში აკავშირებს. როგორც bpn-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უთხრეს, ამ ეტაპზე კიდევ ოთხი ადგილი გამოიკვეთა, სადაც შეიძლება აეროდრომი აშენდეს. ეს ადგილებია: ინგირი, ომალო, ჩიხარეში და ამბროლაური. ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რამდენიმე ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი უნდა ამოქმედდეს. სად არის მათი გახსნა მიზანშეწონილი?

- პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ქვეყნის შიგნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეიმუშავა მცირე ავიაციის განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებში, სააგენტოს სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საქართველოში არსებული უმოქმედო აეროდრომების, ვერტოდრომებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მდგომარეობა, შეფასდა მათი უსაფრთხოება და განვითარების პოტენციალის გათვალისწინებით გამოიკვეთა ოთხი ადგილობრივი დანიშნულების აეროდრომი, ესენია: ინგირი, ომალო, ჩიხარეში და ამბროლაური. ამ აეროდრომებით დაინტერესებისა და მშენებლობის დაგეგმვის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს სააგენტოს, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა აეროდრომის დაპროექტებამდე შეაფასონ მშენებლობისათვის განკუთვნილი შემოგარენი და საჰაერო სივრცე, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას ვპირდებით.

- ცნობილია, რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენთან არაერთი მცირე აეროდრომი მოქმედებდა, რა ფუნქციას ასრულებდნენ ისინი?

- მართალს ბრძანებთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და დღემდე მოქმედი აეროდრომებისა, ადგილობრივი დანიშნულების აეროდრომები იყო ზუგდიდში (ინგირი), ქუთაისში, ფოთში, ლაგოდეხში, ამბროლაურში, ახალქალაქში, საჩხერეში, ცაგერში, სოფელ ფსხუში, წნორში, ვერტოდრომები იყო აგრეთვე ბახმაროსა და გუდაურში. მათი წყალობით სრულდებოდა მგზავრთა გადაყვანა, მცირე რაოდენობის პროდუქტის, ფოსტისა და ტვირთის გადაზიდვა, ხორციელდებოდა ჰუმანიტარული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეისები...

- ამჟამად რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ? რამდენი აეროპორტია საქართველოში და რა დატვირთვით მუშაობენ ისინი?

- დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს სამი საერთაშორისო დანიშნულების აეროპორტი: თბილისის, ბათუმის და ქუთაისის, სამი კი - ადგილობრივი დანიშნულებისაა - მესტიასა და ნატახტარში, აგრეთვე - თელავის აეროპორტი, საიდანაც ძირითადად სასწავლო ფრენები სრულდება. რაც შეეხება დატვირთვას, ყველა მათგანი ფუნქციონირებს დანიშნულებისა და საქმიანობის მასშტაბის მიხედვით და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

- თქვენი აზრით, თუ შეძლებენ მცირე ზომის აეროდრომები საქმიანობას? მათ გაკოტრების საფრთხე ხომ არ ემუქრებათ მგზავრთა ნაკლებობის გამო?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმისა და ზოგადად, მცირე ავიაციის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მცირე აეროდრომების აღორძინება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სერიოზულ სტიმულს მისცემს. ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ქვეყნის შიგნით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას და მაღალმთიან რეგიონებში დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრასაც კი... თავის მხრივ, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი აეროდრომების დატვირთვას. რაც შეეხება მათ გაკოტრებას, მცირე აეროდრომებს საწყის ეტაპზე, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაც დასჭირდეთ, მოგვიანებით კი, ნათელი გახდება, რომელი აეროდრომის სუბსიდირება იქნება საჭირო და რომელი განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი შემოსავლებით.

- მოგვიყევით იმ ქვეყნებზე, სადაც ეს ბიზნესი კარგად არის აწყობილი და განვითარებული.

- მცირე ზომის აეროდრომები ძირითადად მაღალმთიანი რეგიონების მქონე ქვეყნებში გვხვდება, მაგალითად, შვეიცარიასა და ავსტრიაში, სადაც მცირე აეროდრომების მუშაობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზეა გათვლილი.

- რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის, როგორც ბიზნესის განვითარებას?

- იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ საქართველოში ავიაციის, როგორც ბიზნესის განვითარებაზე, საჭიროა მიმოვიხილოთ საქართველოს ავიაბაზრის ტენდენციები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ეხება როგორც მგზავრთნაკადს, ასევე ტვირთნაკადს. თუ შევადარებთ მგზავრთნაკადის რაოდენობას 2008-2014 წლებში, დავინახავთ, რომ ზრდის ტენდენცია აშკარაა. რაც შეეხება ტვირთბრუნვას, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტვირთების გადაზიდვაც. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით, ან საქართველოდან ახორციელებენ ფრენებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში ავიაციის, როგორც ბიზნესის განვითარებას საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე