დანგრეული თბილისი: ვიდეოფაქტები დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან

რა მდგომარეობაშია დაწყებული და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისის მასშტაბით?

ერთ-ერთი მსხვილი პროექტი თბილისის შემოსასვლელში ზაჰესისა და თბილისის დამაკავშირებელი 2 ხიდია. პროექტის განხორციელება 2015 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა ხიდების რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა. დღეის მდგომარეობით, რკინიგზაზე გამავალ პატარა ხიდზე გამარტივებული წესით დაწყებულია ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან და როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, რამდენიმე დღეში უკვე დაიწყება სამუშაოები. რაც შეეხება დიდ ხიდს, მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი ოქტომბერში უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, ზაჰესის ხიდზე სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

ვორონცოვზე, გორკისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დაზიანდა. მოსახლეობა ჩივის, რომ სამუშაოების შესრულების ვადების ხანგრძლივობა, ასევე, უსიამოვნო სუნი და მტვერი აწუხებთ.

გზის საფარი დაზიანებულია როგორც ცენტრალურ, ასევე კორპუსებს შორის შიდა ეზოებში. მაგალითად, დიღმის მასივში, მესამე კვარტალში დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. ადგილზეა მობილიზებული ტექნიკა, რომელიც უმოქმედოდ დგას.

გაუსაძლისი ხმაური და მტვერი - მეტრო "ვარკეთილთან", მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულები ასე აფასებენ ტერიტორიაზე მიმდინარე დაუსრულებელ სამუშაოებს. მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩამავალი კიბეები თვეზე მეტია რაც აყრილია, მისი დაგება კი მხოლოდ ორი დღის წინ დაიწყეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი