დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "ვერე პალასში", ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველოში სტუმრად არიან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები. მისი თქმით, დღეს განიხილავენ ბიოტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში.

დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის უნივერსიტეტი. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ასევე სიტყვით წარსდგა სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ამერიკის მეცნიერებათა ფონდიდან და ტენესის უნივერსიტეტიდან. მოხსენებით წარსდგებიან მოწვეული სტუმრები: ლორი ზიოლკოვსკი, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან და რობერტ ფ. რემლი, ნებრასკას უნივერსიტეტიდან. ასევე საქართველოს ეროვნული მეცნიერების აკადემიის წევრები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები.

"საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კვლევების და მეცნიერების განვითარებას. სამთავრობო სტრატეგიაში "ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის" აღნიშნული სფერო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტადაა აღიარებული. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაზე და მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და საერთო კვლევების და პროექტების ინიცირება", - ნათქვამია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.