მცირე და საშუალო ბიზნესის 400 წარმომადგენელი გადამზადდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის "მეწარმეობის მხარდაჭერის" ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის 400 წარმომადგენელი გადამზადდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ მერიის ხელშეწყობით გადამზადებულ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცა. მერიის განცხადებით, სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მერიის პროგრამის "მეწარმეობის მხარდაჭერის" ფარგლებში მიმდინარეობს და სამ სასწავლო მოდულს მოიცავს: საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა და სახელმწიფო შესყიდვები. ამ დროისათვის ტრენინგში მონაწილეობა 70-მდე მეწარმემ მიიღო.

"თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეწარმეო განათლების მიმართულებით გარკვეული აქტივობების განხორციელება. ეს არის წარმატებული პროექტი. მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიარონ პროფესიული გადამზადება ისეთ წამყვან მიმართულებებში, როგორიც არის საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები და საგადასახადო კანონმდებლობა. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამის გავლა აამაღლებს მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და გაუადვილებთ საქმიანობას იმ ბიზნესგარემოში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მერიის ინფორმაციით, კურსის მიმდინარეობისას ეტაპობრივად 400 მეწარმის გადამზადება იგეგმება. ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. როგორც მერიაში აცხადებენ, მონაწილეებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე სასწავლო მოდულს. სასწავლო კურსი უფასოა. მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ იღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება და შესაბამისი სერტიფიკატები გაიცემა.

ასევე მერიის ინფორმაციით, ტრენინგი "ფინანსთა სამინისტროს აკადემიის" სასწავლო ცენტრში 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, ან ელექტრონული რეგისტრაცია "ფინანსთა სამინისტროს აკადემიის" ოფიციალური ვებგვერდის www.mofacademy.ge-ის მეშვეობით გაიარონ.