სვანეთის რკინის ქალაქი - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრინდელი მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები

"სვანეთის მთებში შეფენილ უზარმაზარ მეტალურგიულ ქალაქს 3 დიდი კრემაციული მოედანი ემსახურებოდა ძვირფას მიცვალებულთა დასაწვავად და იმ ქვეყნად გასაცილებლად"

გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში, როცა ბობოქარი ენგური ოდნავ­ მიწყნარდება, ვინმე ბედნიერმა მის რიყეზე შეიძლება ოქროც კი იპოვოს...­

ამჯერად არა ოქროზე, არამედ სვანეთის სხვა სიმდიდრეზე - რკინაზე გიამბობთ. ბრინჯაოს, სპილენძისა თუ ოქრო-ვერცხლის ხანის შემდეგ გამძლე რკინა იქცა კაცობრიობის მდიდრებად და ღარიბებად დაყოფის მახედ - გამდიდრდნენ ისინი, ვის ხელშიც ის აღმოჩნდა, ამიტომ შეფასდა რკინა ოქროზე მეტად. კოლხებს მაშინდელ კაცობრიობაში ძალიან გაუმართლათ, აქ რკინაც უხვად მოიპოვებოდა და ნიჭიერებაც - ხალიბები რკინის დამუშავებაში ისეთი ბრწყინვალენი აღმოჩნდნენ, რომ მათზე ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დამდეგიდან ჯერ ურარტუელები წერდნენ, მერე კი ელინები. XX საუკუნის არქეოლოგებმა კი კოლხეთში­ უძველესი რკინის სადნობი ქურებიც აღმოაჩინეს, თუმცა არა იმდენი,­ რომ ხალიბთა ოსტატობის ლეგენდა ჩვენ თვალწინ მართლაც გაცოცხლებულიყო. გამოცანად რჩებოდა, თუ სად ან როგორ ადნობდნენ­ იმდენ რკინას კოლხები, რომ მაშინდელი კაცობრიობა იცნობდა მას და ყიდულობდა! 5 წელიწადია, რაც ამ საიდუმლოს ფარდა სვანეთში ეხდება.

წლევანდელი აღმოჩენებით აღტაცებ­ას ვერც არქეოლოგები მალავენ - მხოლ­ოდ ჭუბერის ხეობაში, 50-60 ჰა-ზე, მიწიდან "ამოიწვერა" ხალიბთა ოსტატობის და მსოფლიოში განფენის სიმბოლო - დაახლოებით ძვ.წ. VII-VI საუკუნის მეტალურგიული ცენტრი თავისი სიმდიდრით, სამსხვერპლოებითა და კრემაციული სამა­როვნებით. სვანეთის მთებში შეფენილ უზარმაზარ მეტალურგიულ ქალაქს 3 დიდი კრემაციული მოედანი ემსახურებოდა ძვირფას მიცვალებულთა დასაწვავად და იმ ქვეყნად გასაცილებლად.

ზვიად კვიციანი, არქეოლოგი, პროფესორი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი:

- ძვ.წ. IV-III ათასწლეულების ბრინჯაოს თუ სპილენძის ნივთებს გვიან შემოდგომაზე ენგურის ხეობაში ოქროს მაძიებელი­ ე.წ. "შავი არქეოლეოგები" დღესაც პოულობენ (მაგალითად, სპილენძისა და ბრინჯაოს ცულებს­, შუბისპირებს, სატევრებს...), რომელიც, თუ ბედმა გაგვიღიმა და არ გაიყიდა, მუზეუმში გადაინაცვლებს. ჩვენი ვარაუდით, ეს ნივთები ენგურში იმიტომ­ მოხვდა, რომ მათ ადგილობრივი­ მოსახლეობა წყლის ღვთაებას სწირავდა! ხოლო ის, რომ აქ ხალხს მრავალღვთაებათა საკულტო ტაძრები ჰქონდა და მათ მსხვერპლს სწირავდა, არა მხოლოდ ჩვენ დავადასტურეთ საოცარი აღმოჩენებით, არამედ ის ხალხის ჩვეულებებშიც არის შემორჩენილი - გაზაფხულის დადგომისას, როცა სვანს პირუტყვი პირველად გაჰყავს საძოვარზე, შინიდან აუცილებლად რაიმე მცირე რკინის ნაჭერს გაიყ­ოლებს, მდინარეში გადააგდებს და წყლის ღვთაებას შესთხოვს, რომ პირუტყვი შინ უვნებელი დაუბრუნოს და დიდი წველადობა მისცეს. ჩვენი აღმოჩენის მიხედვით - სვანეთში რკინის წარმოების მთელი "ქალაქი"­ ყოფილა­. 80-იან წლებში პირველი გათხ­რები აქ არქეოლოგმა შოთა ჩართოლანმაც­ ჩაატარა და 2 კრემაციული სამარხიც აღმ­ოაჩინა, მაგრამ ბოლო წლებში აღმოჩენილმა გაგვაოგნა.

ჭუბერის ხეობა რკინის სადნობი ქურებით არის გაძეძგილი. მხოლოდ ხაიშში 10-მდე არქეოლოგიური ძეგლი გავთხარეთ და ძვ.წ. VII-IV საუკუნეების ანტიკური საკულტო კომპლექსის ნაშთებიც აღმოვაჩინეთ ქურუმთა სამსხვერპლოთი­, მსგავსი საკულტო კომპლექსები მთელ ელინურ სამყაროში იდგა და ქურუმი ქალები ღვთაებებს მსხვ­ერპლს სწირავდნენ, ძირითადად სამ­კაულებს ანდა ნაყოფიერების სიმბოლოს - კვერცხის მსგავს რიყის ქვებს. შემდეგ სამსხვერპლოში ცეცხლს ანთებდნენ და ამ ნივთებს წვავდნენ ღვთაებისადმი პატივისცემის ნიშნად.  კვერცხი დღესაც ითვლება გამრავლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ, თუმცა­ ამ აღმოჩენაში საოცარი ის არის, რომ მთელ მსოფლიოში სამსხვერპლოდ შეწირული ქვის კვერცხებია აღმოჩენილი. სვანეთში, ქვის კვერცხებთან" ერთად, აღმოჩნდა გამომწვარი თიხის კვერცხებიც. "სვანურმა" კვერცხმა გაგვაოგნა - გატყდა. ანუ ეს ქვა არ იყო, ეს იყო კვერცხის ფორმის თიხა, რომელშიც კიდევ თიხის კვერცხი იდო; ესე იგი, აქ საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ სამსხვერპლოდ უკვე გამომწვარი თიხის კვერცხებსაც კი სწირა­ვდნენ. სხვათა შორის, მსგავსი სამსხვერპლოები ეცერსა და უშგულშიც არის აღმოჩენილი. ამაზეც ეტყობა, რა ურთიერთ­ობები გვქონდა მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან - რაც იყო ათენში, იგივე­ იყო უშგულშიც. არც არის გასაკვირი. მთელ ჭუბერის ხეობაში, 60-50 ჰა-ზე­, კირქვით შებათქაშებული მეტალურგიული სახელოსნოები, რკინის სადნობი ქურებია გაშლილი, შიგ რკინის ნაღვენთიც არის დარჩენილი. სოფელ ლახამში ტყუპი ქურაც კი აღმოჩნდა.

იხილეთ სრულად