ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაციები საქართველოში

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა ქირურგიული ჩარევა სიცოცხლის ერთადერთი ხსნაა, რა თანხებთან გვაქვს საქმე და რომელი ოპერაციებია საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული. ამ საკითხებით ambebi.ge დაინტერესდა.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია ძვირად ღირებულ და რთულად შესასრულებელ ოპერაციათა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა. დღეს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ორ კლინიკაში აკეთებენ -  "ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა" და "ავერსში". ამ უკანასკნელში აღნიშნული ოპერაციის ფასი დაახლოებით 111 800 ლარს შეადგენს, "ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კი ღირებულება 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტია ლარში. სამედიცინო კომპანია "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი ნიორაძის განცხადებით, საქართველოში პირველი კლინიკა, სადაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია განხორციელდა, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალია.  "გასული წლის დეკემბრიდან დღემდე 4 ოპერაცია გაკეთდა და ყველა შემთხვევაში წარმატებით დასრულდა", - განაცხადა გიორგი ნიორაძემ.

კარდიოქირურგიული ოპერაციები ერთ-ერთია იმ ძვირად ღირებულ ოპერაციათა ჩამონათვალში, რომელიც საქართველოში ხშირად ტარდება. მისი ფასები სირთულის მიხედვით სხვადასხვანაირია და 12 000-დან 18 000 ლარამდე მერყეობს. მაგალითისთვის, "ჯო ენის სამედიცინო ცენტრში" გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა სისხლის ხელოვნური მიმოქცევით 17 155 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, გულის ერთი სარქველის პროთეზირება 12 000-დან 15 000 ლარამდე მერყეობს. აორტოკორონარული შუნტირება 10 000-დან 12 500 ლარამდე ჯდება. პანკრეასისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ამოკვეთა კი 7 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის, მაია ხომერიკის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული არ არის ორგანოების ტრანსპლანტაციის (მათ შორის ღვიძლის გადანერგვის) დაფინანსება, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს. დანარჩენ შემთხვევებში პროგრამით ოპერაციის თანადაფინანსება განსხვავებულია და მომსახურების მიხედვითა და პაციენტის სტატუსით განისაზღვრება. პენსიონერის შემთვევაში ქირურგიული ჩარევისათვის საჭირო თანხის 90% ანაზღაურდება. 100%-იანია თანადაფინანსება ლაურეატებისა და ომის ვეტერანთათვის. უნარშეზღუდულ ადამიანთა ოპერაციები კი სახელმწიფოს მხრიდან 80%-ით ფინანსდება.  მისივე ინფორმაციით, საქართველოში არსებულ კლინიკებში პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან ჩამოდის. აღნიშნულ ფაქტს ხომერიკი ქართველი ექიმების მაღალ კვალიფიკაციასა და შედარებით დაბალ ფასებს უკავშირებს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE