საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. გუშინ საბიუჯეტო პარამეტრებზე, წინასწარი მოსმენის რეჟიმში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ძირითადი პარამეტრები დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმ გარემოებაზე, რომ არ მომხდარიყო საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა, შენერჩუნებულიყო დაბალ ნიშნულზე. მისი თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა იმ ვალდებულების დაფინანსება, რაც 2013-2015 წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ იქნა აღებული და ეს ვალდებულებები სრულად იქნება დაფინანსებული.

პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენს 8 მილიარდ 225 მილიონ ლარს, რაც თითქმის ნახევარი მილიონით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ გეგმიურ მაჩვენებელს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2015 წელს მისაღები შემოსულობების, ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 920.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 110.0 მლნ ლარს, გრანტები 130.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით გათვალისწინებულია 255 მილიონი ლარი და აქედან 125 მილიონს გრანტის სახით ევროკავშირი გამოყოფს სხვადასხვა სფეროში რეფორმების განსახორციელებლად.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით 57 მილიონი ლარითაა გაზრდილი შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი და დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონამდე ლარს შეადგენს. ანაზღაურების ზრდა ძირითადად განპირობებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების დასაფინანსებლად, რადგან გასულ წლებში ეს უწყება ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა, რაც შეიცვალა. ასევე, 20 მილიონიანი ზრდა განპირობებულია ცესკოს თანამშრომლების ხელფასებისთვის, რადგან 2016 წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულად პროგრამებად გამოყოფილია ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. "სამინისტროების დაფინანსება გაზრდილია იმ მოცულობებით, რის საშუალებასაც ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი იძლევა. თუმცა სრულად ხდება სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური ვალდებულებების დაფინანსება", - აცხადებს კაკაურიძე.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 765 მილიონიდან 3 მილიარდ 70 მილიონ ლარამდე იზრდება (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9%). ზრდა შეეხება მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამას (2 მლრდ 183 მლნ ლარი), საპენსიო ზურუნველყოფის პროგრამას (1 მლრდ 480 მლნ ლარი), მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვას (570 მილიონი ლარი).  განათლების სამინისტროს დაფინანსება 841-დან 975 მილიონ ლარამდე იზრდება. ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ სექტემბრიდან გაიზარდა პედაგოგთა საბაზო ხელფასები. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებადაა გამოყოფილი - თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 670 მილიონი ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3 მლნ ლარით მეტია. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (526.6 მლნ ლარი), წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას (170.6 მლნ ლარი), ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ა.შ. რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 950 მილიონი ლარი.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2016 წლის ბოლოსთვის განისაზღვრება არაუმეტეს 14 582.5 მლნ ლარით, აქედან საგარეო ვალი - 11 578.8 მლნ ლარი და საშინაო ვალი - 3 003.7 მლნ ლარი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წლისთვის ნომინალური მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი კი 5,5%-ის ფარგლებშია.